ექსპერიმენტი თბილისელ ტაქსისტებზე, რომელიც ეკონომიკის თეორის საფუძვლებს ანგრევს

ექსპერიმენტი თბილისელ ტაქსისტებზე, რომელიც ეკონომიკის თეორის საფუძვლებს ანგრევს

893
გაზიარება

თბილისში 11 წლის წინ გადმოვედი საცხოვრებლად. მას შემდეგ მუდმივად ვატარებ „ერიკ ლივნისეულ ტაქსის ექსპერიმენტს“. ექსპერიმენტი მდგომარეობს შემდეგში:
ყოველ ჯერზე, როდესაც ტაქსის ვაჩერებ, ვაღებ კარს და წინა ადგილას ვთავსდები. არ ვიწყებ ისეთი კითხვების დასმით, როგორიცაა „რამდენად გამიყვან?“ და  დამღლელ ვაჭრობას 1 და 2 ლარზე. დაახლოებით 30 წამში ვიწყებ ჩემი მოკრძალებული ქართულის გამოყენებას და ვუხსნი მძღოლს საითკენ მივდივართ. დანიშნულება ხშირად ვერაზე მდებარე ჩემი სახლია – გოგებაშვილის მეორე შესახვევი, მესამე ჩიხი, ნომერი ხუთი.
მალე ქართულად ვაბამთ საუბარს და იწყება კითხვები, როგორიცაა, „საიდან ხარ?“
(„ისრაელიდან? ვაუ, დიდებული ქვეყანაა, აშდოდში უამრავი ბავშვობის მეგობარი ცხოვრობს!“), „რამდენი წელია საქართველოში ცხოვრობ?“ („11 წელი? დიდი დროა!“ „როგორ მოგწონს აქაურობა?“ „ ქართველი ცოლი გყავს?“ „ რას საქმიანობ?“) და ა.შ.
ეს ერთგვარი რუტინაა და სანამ ამ რუტინას გავივლით, ამასობაში მანქანა ჩემი სახლის წინ ამუხრუჭებს.  აი, სწორედ აქ იწყება ექსპერიმენტის ყველაზე დამაინტრიგებელი ნაწილი.
ტაქსის მძღოლს უთქმელად ვუწვდი 10 ლარიანს და ველოდები ხურდას. რა თქმა უნდა, ვიცი, რომ ასეთ მოკლე მანძილზე მგზავრობა 3-4 ლარი ღირს. მაგრამ ექსპერიმენტის მთელი არსი მდგომარეობს იმაში, რომ მძღოლს ვაძლებ საშუალებას თავად გადაწყვიტოს ხურდის ოდენობა.
მძღოლს რამდენიმე არჩევანი აქვს: დამიბრუნოს 6-7 ლარი ხურდა, მსუბუქად მომატყუოს (მომცეს დაახლოებით 5 ლარი), გამღლიტოს  – დამიბრუნოს 2-3 ლარი ხურდა ან საერთოდ არაფერი.

თქვენი აზრით, რამდენს მიბრუნებენ?

ამასწინათ ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტებს მოვუყევი ეს ამბავი და ვთხოვე, გამოეცნოთ პასუხი. რა თქმა უნდა, პასუხები განსხვავდებოდა. მაგრამ უმეტესობის აზრით მე ცოტათი მატყუებდნენ: ყველაზე ხშირი პასუხი იყო, რომ ხურდა შეადგენდა 5 ლარს.
სინამდვილეში კი, 90 პროცენტის შემთხვევაში –  მერწმუნეთ, ძალიან ბევრი ასეთი ექსპერიმენტი ჩავატარე – ხურდას სწორად მიბრუნებენ – 6-7 ლარი. არასოდეს გავუღლეტივარ.  რამდენიმეჯერ ხურდად 5 ლარი მიბოძეს, მაგრამ მაშინაც კი მძღოლები მიბოდიშებდნენ, რომ ხურდა არ აქვთ.
უფრო მეტიც, მახსენდება ორი შემთხვევა, როდესაც მძღოლები ფულს არ მართმევდნენ და მეუბნებოდნენ, რომ „სტუმარი ღვთისაა!“, რომ მათთვის სასიამოვნოა, რომ პატივს მცემენ და უფასოდ წამიყვანეს. და ბოლოს, არ დამავიწყდება ის მეტად ბედნიერი შემთვხვევა, როდესაც მძღოლმა ხურდა სწორად დამიბრუნა, მაგრამ დაიჟინა, რომ თავის ხელით დაწურული ღვინო უნდა გამესინჯა. არც ხუმრობდა! მეორე დღეს კახური საფერავით სავსე ხუთ ლიტრიანი ჩემს სახლთან გაჩნდა.

თუ ახლა შემთხვევით ჭიქა ღვინო გიჭირავთ ხელში, მაშინ მაგ ჭიქით ქართული სტუმარმასპინძობის სადღეგრძელო შესვით!

ამ ამბიდან რამდენიმე დასკვნის გაკეთება შეიძლება. ერთ-ერთი ეხება ეკონომიკის სტუდენტებს. ალბათ რამდენიმე მათგანს ცუდი გამოცდილება ჰქონდა თბილისის ტაქსის მძღოლებთან. მეორე ვერსიაა, რომ ნამეტანი მოუვიდათ ეკონომიკის შესწავლა.
ეკონომიკის თეორის საფუძვლების საწყისშივე დევს ასეთი დაშვება:  ადამიანები სულად არ არიან რთული არსებანი, არამედ პრიმიტიულ ყიდვა/გაყიდვის ალგორითმთან გვაქვს საქმე. ეკონომისტები ვარაუდობენ (მტკიცებულების გარეშე), რომ ადამიანები ცდილობენ მიიღონ მაქსიმალური სარგებელი საქონლის მოხმარებისა და თავისუფალი დროის ხარჯვისას. როგორც მინიმუმ, ყიდიან საკუთარ დროს დამქირავებლებზე (ან კლიენტზე) და შემოსავალს ხარჯავენ საკვების, ტანსაცმლის და ზოგიერთ შემთხვევაში, ვილების და იახტების შესაძენად.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ ადამიანები იქცევიან არაკეთილსინდისიერად, როდესაც ამგვარი ქცევის შედეგად მიღებული სარგებელი აღემატება ხარჯებს. ანუ თბილისის ტაქსის მძღოლები ეკონომიკის სახელმძღვანელოებში აღწერილი დაშვებით რომ მოქმედებდნენ, ყოველ ჯერზე ექსპერიმენტის დროს ნაკლები ხურდა უნდა მოეცათ.
ეკონომიკის ლოგიკა საკმაოდ მარტივია. მძღოლები არ იღებენ არავითარ მატერიალურ სარგებელს კეთილისინდისიერად მოქცევის შედეგად. რამდენადაც მგზავრობის ფასზე წინასწარ არ მოვრიგდით, ‘კანონიერი’ უფლება აქვთ, რომ სურვილისამებრ გადამახდევინონ. ამიტომ, ნაკლები ხურდის დაბრუნების შემთხვევაში არავითარი სანქცია არ ემუქრებათ. რამდენადაც ტაქსის მომსახურება ერთჯერადი ტრანზაქციაა და ძალიან ნაკლები შანსია, რომ ტრანზაქცია განმეორდეს, თავისუფლად შეუძლიათ გამატყავონ – ყოველ შემთხვევაში ამას ამბობს ეკონომიკის თეორია.

რატომ მექცევიან ტაქსის მძღოლები ასე დიდსულოვნად?

ვფიქრობ, რომ ჩემს შემთხვევაში ტაქსის მძღოლებს ამოძრავებთ არა სიხარბე, არამედ ჩემზე შთაბეჭდილების მოხდენის სურვილი, რომ მათი ქვეყანა კეთილგანწყობილია ჩემს მიმართ. ეს სურვილი საკმაოდ ძლიერია, იმიტომ, რომ ექსპერიმენტში მნიშვნელოვანია ერთი დეტალი: საქართველოში მართლაც სტუმარი ვარ, მაგრამ სხვა სტუმრებისგან განსხვავებით, მე მძღოლი-მასპინძლის გვერდით ვთავსდები და არ ვუკადრისობ ამას (მესმის, რომ ქალები მსგავს შემთხვევაში უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ თავს). გარდა ამისა, გულწრფელად ვცდილობ მათ ენაზე ვესაუბრო. და ბოლოს, მანქანაში ჩაჯდომის ჩემეული წესის გამო ჩვენი ბიზნეს ტრანზაქცია დაფუძნებულია ნდობაზე, ვიდრე კონტრაქტზე.
ქართველების უმეტესობის მსგავსად, ექპსერიმენტის მონაწილე მძღოლებიც, სავარაუდოდ, თავს ძლივს ირჩენენ. მიუხედავად ამისა, გულუბრყვილო კლიენტის გატყავების ცთუნებას ძლევს თვითკმაყოფილების სურვილი. მათ სურთ იგრძნონ, რომ მომექცნენ პატივისცემით და წვლილი შეიტანეს საკუთარი ქვეყნის სტუმარმასპინძლობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციაში.
ექსპერიმენტალისტები, როგორიცაა მაგალითად, დან არიელი, ამტკიცებენ, რომ თვითკმაყოფილება უფრო ძლიერი გრძნობაა, ვიდრე ეკონომისტებს სურთ აღიარონ. მძღოლებს უნდათ, რომ კარგად იგრძნონ თავი საკუთარი საქციელით და მიზანმიმართულად შეაქვთ წვლილი ‘საზოგადოებრივი სიკეთის’ შექმნაში. ეს ეწინააღდეგება ეკონომიკის სახელმძღვანელოებში მოცემულ თეორიებს.დაფიქრით ამაზე. საქართველო ცნობილია, როგორც უსაფრთხო და სტუმართმოყვარე ქვეყანა. ეს რეპუტაცია მართლაც და საზოგადოებრივი სიკეთეა და მისით სარგებლობს ამ პატარა ქვეყნის ყველა მოქალაქე, მიუხედავად იმისა თუ თვითონ რამდენად კეთილგანწყობით ექცევიან და პატივს სცემენ სტუმრებს. სუფთა ჰაერის მსგავსად, ამ საზოგადოებრივის სიკეთით სარგებლობა ერთნაირად შეუძლიათ გაიძვერებს და კეთილსინდისიერ ქართველებს. ის ყველასთვის ხელმისაწვდომია, მიუხედავად იმისა, თუ ვის რა წვლილი შეაქვს მასში. ამავე დროს, დიდია ცთუნება, რომ ამით ბოროტად ან უსასყიდლოდ ისარგებლონ.
მეორე მნიშვნელოვანი დასკვნა ამ ამბიდან კი შეეხება მთლიანად საზოგადოებას. ეკონომიკა გვასწავლის, რომ ყოველი ადამიანი აკეთებს ინდივიდუალური ხარჯ-სარგებლის გათვლებს და მოქმედებს შესაბამისად.  მიუხედავად ამისა, ის ხალხი და ის საზოგადოება, რომელიც მუდმივად მსგავს კალკულაციას აკეთებს – და უსასყიდლოდ სარგებლობს საზოგადოებრივი სიკეთით – ევოლუციის პროცესში ვერ გადარჩება. მათი შვილები მომავალი თაობისთვის თავს არ შესწირავენ. სიხარბე და ეგოიზმი ასეთ ხალხს დააქუცმაცებს – განა რა ბედენაა, ცხოვრობდე ისეთი მეზობლების გარემოცვაში, რომლებიც მზად არიან პირველივე შემთხვევისთანავე გაგწირონ?
სხვა ძველი ხალხებისგან განსხვავებით, ქართველებმა საუკუნეებს გაუძლეს და ალბათ ეს მათი საამაყო ტრადიციების, მათ შორის, სტუმარმასპინძლობის ტრადიციის დამსახურებაა. მიუხედავად მათი მნიშვნელობისა, პოზიტიური სოციალური ქცევები, როგორიცაა სტუმარმასპინძლობა, ეკონომიკის სახელმძღვანელოებში მოცემულ ეგოისტურ მოდელებში ადვილად არ ჯდება. იმედი მაქვს, რომ ეკონომიკის სტუდენტები ბრმად არ იხელმძღვანელებენ ამ წიგნებით და მალევე გაიაზრებენ, რომ როდესაც ადამიანებზე საუკეთესოს ვფიქრობთ, ვიღებთ საუკეთესოს. სწორედ ისე, როგორც ტაქსის ექსპერიმენტის შემხვევაში მოხდა.

წყარო:tbilinomics.com

კომენტარი