კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულები – რას ჰპირდება მერია 3500 ოჯახს

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულები – რას ჰპირდება მერია 3500 ოჯახს

374
გაზიარება

საქართველოში იმ ხალხის რიცხვი, ვინც 90-იან წლებში გაჩაღებული კოოპერატიული ბინათმშენებლობის დროს ფული და ბინა ერთად დაკარგა, 30 000-ს აღწევს. აქედან 9 000-ის ვალი სახელმწიფოს ოფიციალურად აქვს აღიარებული, თუმცა ვალის გადახდის მექანიზმი დღემდე არ შემუშავებულა. არ არის ცნობილი არც ვალის საერთო რაოდენობა. ეს ხალხი დღემდე ცდილობს დაკარგული ქონების – ფულის ან მიწის სახით დაბრუნებას.  პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია თბილისშიც.  დედაქალაქში, დაახლოებით, 3500 ოჯახია, რომელიც ხელისუფლებისაგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ.
„ჩვენ ვიქნებით ქალაქის ის მთავრობა, რომელიც ამ ადამიანებს აღნიშნულ პრობლემას მოუგვარებს და მათი ბინებით უზრუნველყოფა მოხდება“ – ეს განცხადება თბილისის მერს, კახა კალაძეს ეკუთვნის, თუმცა ფაქტია, რომ ჯერჯერობით  საქმე  დაპირებების იქით არ მიდის. მერიაში აღიარებენ, რომ  პრობლემის მოსაგვარებლად არც შესაბამისი ფინანსური რესურსია და პოტენციური ინვესტორებიც პასიურობენ.
თბილისის მერის განმარტებით, დედაქალაქში შეირჩა კონკრეტული ლოკაციები სადაც შესაძლებელია მშენებლობების დაწყება,  გამოცხადდა ინტერესთა გამოხატვაც, თუმცა არცერთი დაინტერესებული კომპანია არ აღმოჩნდა, ვინც ამ პროექტებს განახორციელებდა.
შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მერია მზადაა, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას მიწები 1 ლარადაც გადასცეს. გარდა ამისა, მერია სამშენებლო კომპანიას საკუთარი წინადადებების წარმოდგენასაც სთავაზობს და როგორც კალაძე აცხადებს, უპირატესობა მიენიჭება იმ კომპანიას, რომელიც დედაქალაქის მერიას მეტ ფართს შესთავაზებს, რათა საცხოვრებლით რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაკმაყოფილდეს.
პრობლემის მოგვარების ერთ-ერთ საშუალებად განიხილება მერიის მიერ მომზადებული კანონპროექტიც, რომელიც  დეველოპერებისათვის მოსაკრებლების გადავადებას და დღგ-ზე შეღავათების დაწესებას გულისხმობს. თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის განცხადებით, კანონპროექტი განსახილველად უკვე გადაეგზავნა პრემიერის აპარატს.
დაუსრულებელი მშენებლობების დასრულებაში აქტიური მონაწილეობის სურვილი უკვე გამოთქვა  კომპანია „სფერო დეველოპმენტმა.“ როგორც კომპანიის ერთ-ერთმა ხლმძღვანელმა, მაცაცო გორდეზიანმა „სითი კვირას“ განუცხადა, „სფერო დეველოპმენტი“ მზად არის, როგორც ინვესტორმა, აიღოს ვალდებულება: გადაიბაროს და განაახლოს შეჩერებული მშენებლობები. გორდეზიანის თქმით, კომპანიას აქვს როგორც საკუთარი ფინანსური რესურსი, ასევე, საშუალება, მოიძიოს უცხოელი პარტნიორები და ინვესტორები.
ოფიციალური მონაცემებით, დღეისათვის თბილისში 179  დაუსრულებელი მშენებლობაა რეგისტრირებული.

ავტორი: ზურა ხაჭაპურიძე

კომენტარი