სიბინძურე, ქაოსი, უწესრიგობა – საქალაქთაშორისო ავტოსადგურების რეალობა თბილისში

სიბინძურე, ქაოსი, უწესრიგობა – საქალაქთაშორისო ავტოსადგურების რეალობა თბილისში

340
გაზიარება

საქართველოს კანონმდებლობა სამი კლასის ავტოსადგურს გამოყოფს. თითოეული კლასისთვის, ხარისხისა და ტექნიკური აღჭურვილობის მიხედვით, განსხვავებული მოთხოვნებია. თუკი პირველი კლასის ავტოსადგურებს სათანადოდ აღჭურვა მოეთხოვებათ, მესამე კლასის ავტოსადგურების მიმართ მხოლოდ მინიმალური სტანდარტები მოქმედებს. მფლობელს თავად შეუძლია, აირჩიოს, თუ რომელი ტიპის ავტოსადგურს მოაწყობს. ამასთან, საქალაქთაშორისო რეისების შესრულების უფლება სამივე კლასის ავტოსადგურებს აქვთ.
ამჟამად თბილისის სხვადასხვა ნაწილში სულ მცირე, 23 საქალაქთაშორისო სამარშრუტო ტაქსების ავტოსადგურია. ისინი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება ზომისა და ინფრასტრუქტურის მდგომარეობის მიხედვით. ზოგ ავტოსადგურში მგზავრთა მოსაცდელი დარბაზი, საპირფარეშო და სალაროებია განთავსებული, ზოგი სადგური კი მხოლოდ ბილეთების გასაყიდი მცირე ჯიხურისგან შედგება და მგზავრთა მოსაცდელი დარბაზი საერთოდ არ გააჩნია. სიბინძურე, ქაოსი, უწესრიგობა – სამწუხაროდ ეს არის ის რეალობა, რაც ხშირ შემთხვევაში თბილისის საქალაქთაშორისო ავტოსადგურებში მისულ მგზავრებს ხვდებათ. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ამ ობიექტების მომსახურებით ტურისტებიც სარგებლობენ. რა შთაბეჭდილებებს წაიღებენ  ისინი აქედან, ალბათ, ძნელი მისახვედრი არ არის.
როგორც “სითი კვირამ” გაარკვია, პასუხისმგებელობა  შექმნილ სიტუაციაზე მთლიანად თუ არა ნაწილობრივ მაინც ეკონომიკის სამინისტროსთან არსებულ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ეკისრება. თუმცა, როგორც “ურბანული ლაბორატორიის” ხელმძღვანელი გიორგი ბაბუნაშვილი აცხადებს, მოქმედი კანონმდებლობა ამ უწყებას სათანადო კონტროლის საშუალებას არ აძლევს.
უხარისხო სერვისთან ერთად პრობლემაა ამ ავტოსადგურების ადგილმდებარეობაც. ბაბუნაშვილის მოსაზრებით, მდებარეობა არ არის ოპტიმალური, რადგან იწვევს საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ქალაქის სიღრმეში შემოსვლას და დამატებით ტრაფიკს. მისი აზრით, ეს ავტოსადგურები უფრო პერიფერიებში, გასასვლელებთან უნდა იყოს განლაგებული. როგორც  საქართველოში კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC- საქართველოს) და ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” მიერ 2016 წელს ჩატარებულ კვლევაშია მითითებული, ქალაქში ავტოსადგურების განსათავსება ე.წ. ზონირების მიხედვით უნდა მოხდეს.
“თბილისში ავტოსადგურების მდებარეობის გამო, მრავალ საქალაქთაშორისო ხაზზე მომუშავე სამარშრუტო ტაქსის ქალაქში საგრძნობი მანძილის გავლა უხდება, რაც საგზაო მოძრაობას ტვირთავს და ავტოსატრანსპორტო შემთხვევათა რისკებს ზრდის. ზონირებით უნდა მოხდეს ავტოსადგურების განთავსება ქალაქის შესასვლელებთან ახლოს იმისთვის, რომ შეიზღუდოს საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ქალაქში გადაადგილება”, – აცხადებენ კვლევის ავტორები.

ავტორი: ზურა ხაჭაპურიძე

კომენტარი