ამბავი, რომელიც ბევრმა არ იცის – რა მოხდა თბილისში 1905 წელს?

ამბავი, რომელიც ბევრმა არ იცის – რა მოხდა თბილისში 1905 წელს?

867
გაზიარება

1905 წელი, პირველი რევოლუციის ტალღამ რუსეთის იმპერიის ცენტალური რეგიონებიდან სამხრეთ კავკასიამდეც მოაღწია. კავკასია თვითმპყრობელობის მოწინააღმდეგეთა ერთ-ერთი უმთავრესი ფორპოსტი გახდა.
ცარიზმის წინააღმდეგ მებრძოლთა რიგებში განხეთქილების შესატანად რუსმა იმპერიალისტებმა კარგად აპრობირებულ და ნაცად ხერხს მიმართეს. დაყავი და იბატონე – ძველრომაული შეგონების რეალიზაცია რუსებს ყოველთვის კარგად გამოსდიოდათ და პირველი შეტაკებები ეთნიკურ ნიადაგზე ბაქოში დაიწყო. ერთმანეთს აზერბაიჯანელები და იქაური სომხები დაუპირისპირდნენ. როგორც ყოველთვის, დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე დაიწყო და საბოლოოდ დიდ სისხლისღვრაში გადაიზარდა.
სამწუხაროდ ბაქოში განვითარებულმა მოვლენებმა თავისი გამოძახილი თბილისშიც ჰპოვა. იმდროინდელი თბილისიში როგორც სომხური, ასევე აზერბაიჯანული მოსახლეობა საკმაოდ დიდი რაოდენობით იყო წარმოდგენილი. მოკლედ, ყველა პირობა იყო შექმნილი იმისათვის, რომ  ბაქოს მოვლენები თბილისში გამეორებულიყო და ასეც მოხდა. ეს ამბები საკუთარ მემუარებში დაწვრილებით აქვთ აღწერილი საქართველოს განათლების პირველ მინისტრ გიორგი ლასხიშვილსაც და იმპერიული დუმის ერთ-ერთ ლიდერ ქართველ დეპუტატ ისიდორე რამიშვილსაც.
როგორც ირკვევა, თბილისში არსებული გარემოებით ისარგებლეს თბილისში მოქმედი რელიგიურ-პოლიტიკური ორგანიზაციის, „ჭეშმარიტ რუსთა კავშირის” წევრებმა. ორივე ეროვნების ტრადიციულ ტანსაცმელში გამოწყობილი „შავრაზმელები” თბილისის ქუჩებში თავს ესხმოდნენ სომხებსაც და აზერბაიჯანელებსაც. შედეგად, ქმნიდნენ ილუზიას იმისა, რომ ბაქოს მოვლენებმა საქართველოშიც გადმოინაცვლეს. მათ მონდომებას უკვალოდ არ ჩაუვლია. თბილისში სომხებმა და აზერბაიჯანელებმა ერთმანეთის ხოცვა მხოლოდ და მხოლოდ ეთნიკური ნიშნის საფუძველზე დაიწყეს. როგორც ისიდორე რამიშვილი გადმოგვცემს, პოლიცია და ჟანდარმერია  ცეცხლზე ნავთს ასხამდა და ღამ-ღამობით ორივე ეროვნების წარმომადგენელთა სახლებზე სპეციალურ ნიშნებს ამაგრებდა, რათა დაპირისპირებულებს ფარული თავდასხმებისას ადვილად ამოეცნოთ „მტერი”. საბოლოოდ, კონფლიქტმა რუსებისთვისაც კი წარმოუდგენელ მასშტაბს მიაღწია. ბოტანიკურ ბაღთან და სიონის მიმდებარე ტერიტორიაზე სომხური შეიარაღებული რაზმები, თათრის მოედანზე კი, ხიშტიანი თოფებით აღჭურვილი აზერბაიჯანელები ჩამწკრივდნენ. ფაქტობრივად, ორ ჯგუფს შორის სრულმასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირება გაჩაღდა მაშინდელი თბილისის საქმიან უბანში, სალდათის ბაზრობისა და აბანოების უბანში.
აი, როგორ აღწერს თბილისში განვითარებულ მოვლენებს  ქართველი პუბლიცისტი გიორგი ლასხიშვილი- “ჩვენდა სამწუხაროდ და მოულოდნელად, საქართველოს ტერიტორიაზედაც მოხდა, სახელდობრ ტფილისში. თუ არა ვცდები, ნოემბრის დასაწყისში თათრების მოედანზე სომხებსა და თათრებს შეტაკება მოუხდათ, რომლის დროს რამდენიმე კაცი მოკლულ და დაჭრილ იქმნა. იმ წუთსავე მთელ იმ რაიონში და ახლომახლო უბნებში დაიკეტა თათრის და სომხის დუქნები და მაღაზიები, ქუჩებში შეიარაღებული ხალხი გაჩნდა. ეს ამბავი სწრაფლ მოედო მთელ ქალაქს და ყველა აღშფოთებული იყო. მეორე დღეს დილით გაიმართა ქართველ პარტიების თათბირი, რომელზედაც კატეგორიულად იყო მიღებული დადგენილება: ყოველი ღონე ვიღონოთ და საქართველოს ტერიტორიაზე სომეხ-თათართა ჟლეტა არ დავუშვათო. გადაწყდა მიგვემართა ადგილობრივ მთავრობისათვის წინადადებით, რომ პარტიებისათვის მიეცა ნება ამ საქმეში ჩარევისა მშვიდობიანობის დასაცავად.
მცხოვრებნი შიშიანობამ მოიცვა. მრავალი მითქმა-მოთქმა დაიბადა: ბორჩალოს თათრების დიდძალი შეიარაღებული ცხენოსანი რაზმი მოდის ქალაქზე თავდასხმისათვისო, სომხების საშველად დაშნაკელების რაზმი დაძრულა ერევნიდან და ზარბაზნებით მოდის ქალაქზეო და სხვა. აქა-იქ შეტაკება ქალაქის სხვა რაიონებშიც მოხდა. ერთი უბედურება ჩვენ თვალწინ, ჩვენი რედაქციის პირდაპირ მოედანზე დატრიალდა. უეცრად რომელიღაც დუქნიდან ორი უბრალო თათარი გამოჩნდა, ერთ მათგანს ჩაის ჭურჭელი ეჭირა ხელში; ორივე სიჩქარით მიდიოდა, ალბად, ვორონცოვის ხიდისაკენ. ამ დროს ქუჩაში გაჩნდა მაუზერებით შეიარაღებული სომეხთა ჯგუფი, რომელმაც სროლა აუტეხა უიარაღო თათრებს. ერთი იმათაგანი დასჭრეს, მეორე კი მოჰკლეს”.
როგორც ირკვევა, სომეხ-აზერბაიჯანელთა შეტაკებამ კავკასიის სხვა ადგილებში კიდევ დიდხანს გასტანა და, ბოლოს უკვე 1906 წელს დაიწყო შერიგების ხანა.

ავტორი: ზურა ხაჭაპურიძე

კომენტარი