ახალი რეგულაციები სამშენებლო ბაზარს – თბილისში 1კვ/მ-ის 100$-ით გაძვირებას პროგნოზირებენ

ახალი რეგულაციები სამშენებლო ბაზარს – თბილისში 1კვ/მ-ის 100$-ით გაძვირებას პროგნოზირებენ

644
გაზიარება

დღეიდან სამშენებლო პროდუქტების ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდა.
რეგლამენტის მიხედვით, სამშენებლო პროდუქტების მწარმოებლებს, მწარმოებლის ავტორიზებულ წარმომადგენელებს, იმპორტიორებსა და დისტრიბუტორებს გარკვეული სტანდარტების დაკმაყოფილება მოუწევთ. ახალი რეგულაციების მონიტორინგი  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დაევალა.
ტექნიკური რეგლამენტი ისეთი ტიპის სამშენებლო პროდუქტებს ეხება, როგორიცაა ცემენტი, არმატურა, ელექტროკაბელები, პლასტმასის მილები.
რეგლამენტში ის  მოთხოვნებიც გაიწერა, რომელთა დაკმაყოფილებაც მშენებლებს სამშენებლო ობიექტებზე მოუწევთ. საუბარია სახანძრო უსაფრთხოებაზე, ენერგოეფექტური მასალის გამოყენებაზე დაზღვევა და ასე შემდეგ.
რეგულაციები სამშენებლო პროცესებით გამოწვეული ხმაურის კონტროლსაც ითვალისწინებს. ცნობილი ფაქტია, რომ საქართველოში მშენებლობები ძირითადად ორ ქალაქში: თბილისსა და ბათუმში მიმდინარეობს.
“სითი კვირა” შეეცადა გაერკვია, რა გავლენას იქონიებს ახალი რეგულაციები სამშენებლო ბაზარზე, ანუ გაიზრდება თუ არა მშენებარე ბინების ფასი თბილისში, რა მასშტაბის იქნება ეს ზრდა და გაძვირდება თუ არა სამშენებლო მასალა.
სამშენებლო კომპანია „ივერონის“ დამფუძნებელი არჩილ ჯაყელი დარწმუნებულია, რომ  მას შემდეგ, რაც ყველა რეგულაცია ძალაში შევა, დაახლოებით, ერთ წელიწადში ეს ყველაფერი ბინებისის ფასზეც აისახება. არჩილ ჯაყელის მოსაზრებით, 1 კვადრატული მეტრის ფასი თბილისში, დაახლოებით, 100 დოლარით მოიმატებს.
განსხვავებული მოსაზრება აქვს დეველოპერული კომპანია „ბინადარის“ აღმასრულებელ დირექტორს, გოგა ტალახაძეს. ტალახაძე დარწმუნებულია, რომ ახალი რეგულაციების შედეგად ფასების ზრდა ბაზარზე მოსალოდნელი არ არის.  მისი აზრით, რეგულაციები სამშენებლო ბაზარს უფრო პროგნოზირებადს გახდის და საბოლოოდ, მომხმარებელი უფრო ხარისხიან პროდუქტს მიიღებს.
ახალ რეგულაციაში იმპორტიორთა უფლებების დარღვევის ნიშნებს ხედავს ეკოლოგი ლია თოდუა. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ამ რეგლამენტით სერტიფიკატი მოეთხოვება მხოლოდ იმპორტულ პროდუქციას მაშინ, როცა საქართველოში წარმოებულ პროდუქციას იგივე სერტიფიკატს არავინ სთხოვს. თუდუას შეფასებით, ეს არის  WTO TBT შეთანხმების დარღვევა, რაც  მისი აზრით ევროპასთან ასოცირების შეთანხმებასაც არღვევს.

ავტორი: ზურა ხაჭაპურიძე

კომენტარი