თბილისში საოჯახო სასტუმროები წყლის „ჰიბრიდულ“ ფასს გადაიხდიან

თბილისში საოჯახო სასტუმროები წყლის „ჰიბრიდულ“ ფასს გადაიხდიან

361
გაზიარება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია თბილისში მოქმედი საოჯახო სასტუმროებისთვის წყლის ე.წ „ჰიბრიდული“ დარიცხვის შესახებ დეტალურ ინფორმაციას დაინტერესებულ მხარეებს იანვრის ბოლომდე გააცნობს.
ამის შესახებ  სემეკ-ის წევრი გიორგი ფანგანი აცხადებს.
მისი ინფორმაციით, კომისია ამ საკითხზე მუშაობის დასკვნით ეტაპზეა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საოჯახო სასტუმროებისთვის წყლის გადასახადის ახალი სისტემა დადგენილების პროექტის სახით, თვის ბოლომდე ცნობილი გახდება.
როგორც გიორგი ფანგანი განმარტავს, სიახლე ეხება ისეთი ტიპის სასტუმროებს, სადაც წყლის შერეული მოხმარება ფიქსირდება.
„ვინც არიან ასეთი ტიპის სასტუმროების მესაკუთრეები და თვითონაც იქ ცხოვრობენ, წყალს საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის მოიხმარენ, სტუმრები კი – არასაყოფაცხოვრებო; რადგან ეს ტიპიურად არცერთ კლასიფიკაციაში ჯდება, ე.წ ჰიბრიდულ ვარიანტზე დავიწყეთ მუშაობა, რაც ერთის მხრივ, ამ სასტუმროებს საშუალებას მისცემს, რომ განვითარდნენ და მეორეს მხრივ, არცერთი მხარე დაზარალდება. ეს იმას გულისხმობს, რომ დარიცხვის მეთოდი იყოს განსხვავებული ნებისმიერი სხვა ობიექტისგან“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ ამ ეტაპზე კომისიის არსებული გათვლებით, საოჯახო ტიპის სასტუმროებს წყლის კომერციულ ტარიფზე გაცილებით ნაკლები გადასახადის გადახდა მოუწევთ.
„ცოტა რთულია ამის გამოვლენა, რადგან შიგნითაც განსხვავდებიან ეს სასტუმროები. მთლიანად თბილისის მასშტაბით, ასეთი ობიექტები დაახლოებით, 700-მდეა მათთვის იქნება მისაყენებელი კრიტერიუმები, რომელი აკმაყოფილებს და რომელი – არა, საოჯახო ტიპის სასტუმროს შინაარსს. Family house – ეს არ არის უბრალოდ ჟარგონული გამოთქმა, ეს მსოფლიოში, ევროპაში კარგად გავრცელებული ტერმინია, რომელიც კონკრეტული სატუმროს ტიპს მიეკუთვნება. არის კიდევ guest house, hostel და ა.შ. ესენი ერთი შეხედვით, ერთმანეთს ჰგვანან, თუმცა სიღრმისეულად თუ ჩავიხედავთ, ერთმანეთისგან განსხვავდებიან“, – განაცხადა გიორგი ფანგანმა.
ამასთან, მსგავსი სასტუმროების კლასიფიკაციაზე საუბრისას სემეკ-ის წევრმა აღნიშნა, რომ კომისიისთვის ყველა ობიექტის შესწავლა შეუძლებელია და სემეკს მათ გამოვლენაში, რომელთაც ახალი ტიპის დარიცხვა უნდა შეეხოთ, თავად სასტუმროების მეპატრონეებიც დაეხმარებიან.
„ჩვენ ყველა ობიექტის იდენტიფიცირებას ვერ მოვახდენთ. ეს შემდეგ კომპანიებმა უნდა გააკეთონ, როცა დარიცხვა მოხდება. თუ სასტუმრო ეჭვქვეშ დააყენებს კომპანიის მიდგომას, მას შეეძლება კომისიაში გაასაჩივროს, როგორც აქამდე ხდებოდა“, – განმარტა გიორგი ფანგანმა.
რაც შეეხება რეგიონებს, სემეკ-ის წევრის განცხადებით, სამომავლოდ მსგავსი მიდგომა დედაქალაქის ფარგლებს გარეთ მოქმედ საოჯახო სასტუმროებსაც შეეხება.
„წყალზე ასეთი ჰიბრიდული დარიცხვა, შესაბამის ობიექტებზე, საქართველოს მასშტაბით გავრცელდება. თავდაპირველად აღრიცხვა ყველგან იქნება გასაკეთებელი. სასმელი წყლის შემთხვევაში, როცა ვიცით, რომ ობიექტზე მომხმარებლების ცვალდი რაოდენობაა, არ იქნება სწორი, რომ ფიქსირებული – სულადობის მიხედვით დარიცხვა გამოვიყენოთ. ჩვენ გვქონდა შემთხვევები, როცა ორი ადამიანია რეგისტრირებული, თუმცა თვის განმავლობაში 30 სტუმარს იღებს. აღრიცხვა ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მოხდეს. ჩვენ კომპანიებთან სიტყვიერი შეთანხმება გვაქვს, რომ ეს კომპანიების ხარჯით მოხდება“, – აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ სემეკ-მა საოჯახო სასტუმროებისთვის წყლის მოხმარებაზე შერეული სატარიფო სისტემის შემუშავება გასული წლის დეკემბერში დაიწყო, მას შემდეგ, რაც კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ამ სექტორზე კომერციული ტარიფების დაწესება მოითხოვა.

წყარო: bm.ge

კომენტარი