ჯორჯ ბუშის ქუჩისა და მონუმენტ „ადამიანისა და მზის“ მიმდებარე თარგები რეაბილიტირდება

ჯორჯ ბუშის ქუჩისა და მონუმენტ „ადამიანისა და მზის“ მიმდებარე თარგები რეაბილიტირდება

226
გაზიარება

დედაქალაქის მერია ჯორჯ ბუშის ქუჩისა და მონუმენტ „ადამიანისა და მზის“ მიმდებარედ არსებულ ორივე თარგს რეაბილიტაციას ჩაუტარებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, 10 000 კვადრატული მეტრ ფართობის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოები უკვე დაწყებულია.
„თბილისის მერიის მიერ მიმდინარე წელს, უმნიშვნელოვანესი პროექტი განხორციელდება, რომელიც ბუშის ქუჩის, კახეთის გზატკეცილის განაპირა ზოლებისა და მონუმენტ „ადამიანისა და მზის“ მიმდებარედ არსებული ორივე თარგის სრულ რეაბილიტაცია-კეთილმოწყობას გულისხმობს. აღნიშნული ტერიტორია საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყო. მისი ფართობი დაახლოებით, 10 000 კვადრატული მეტრია. სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. თარგებში მოეწყობა სარწყავი სისტემა, დაითესება ბალახი და სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები დაირგვება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ მერის მოადგილე მაია ბითაძეს დაავალა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული საინფორმაციო ბანერიც განახლდეს.
„ჩემი თხოვნაა, რომ ამ პროექტის ფარგლებში, საინფორმაციო ბანერი, რომელზეც წერია ბუშის ქუჩა, ჩამოვხსნათ და ისეთი გავაკეთოთ, რაც ამ რეაბილიტირებულ პროექტს  შეესაბამება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით, უახლოეს მომავალში კახეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდება.
„მონუმენტის – „ადამიანი და მზე“ თარგში დეკორატიული აუზი, სარწყავი სისტემა და განათება მოეწყობა. ასევე, დაირგვება მცენარეები და დაითესება ბალახი. განხორციელდება თარგის დატერასება ოვალური, ელიფსური ფორმებით. იცით, რომ კახეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაცია გვაქვს გაცხადებული. შესაბამისად, ამ პროექტის განხორციელება, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ერთმანეთთან თანხვედრაში იქნება. რაც შეეხება კახეთის გზატკეცილს, უახლოეს მომავალში ამასთან დაკავშირებითაც გამოვაცხადებთ ტენდერს, რომ სამუშაოები დაიწყოს. აღნიშნულ მონაკვეთს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება, რაც საკმაოდ მასშტაბური და ძვირადღირებული პროექტი იქნება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარი