თბილისი ჩემი ყველაფერია – გია აბაშიძე

თბილისი ჩემი ყველაფერია – გია აბაშიძე

404
გაზიარება

თბილისი არის ჩემი ყველაფერი,  ქალაქი, რომელიც უმალ მენატრება, როცა მიწევს თბილისიდან გასვლა. ეს არის ჩემი ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი, მესაიდუმლე, ოჯახის წევრი.  ქალაქი, რომელსაც აქვს მდიდარი წარსული და დიდი მომავალი. თუმცა, თბილისის უკეთ განვითარება და გამშვენიერება სწორედ რომ ჩვენი, საზოგადოების, თბილისელის, ნებისმიერი ჩვენი თანამოქალაქის უფრო აქტიური ზრუნვის საგანი უნდა იყოს.
ძალიან მომწონს ქალაქის ძველი, ისტორიული ნაწილი. ენერგიას, სიამოვნებას მანიჭებს. მსურს, რომ ქალაქის სხვა ისტორიული ნაწილებიც ვიხილო აღდგენილი და გალამაზებული.  მსიამოვნებს პარკებსა და სკვერებში სეირნობა. ასევე, მომწონს ქალაქის გარეუბან რაიონებში ახალი ინფრასტრუქტურული ობიექტების დათვალიერება, სავაჭრო ცენტრებში, გასართობ ადგილებში ყოფნა. მანქანის ყოლის მიუხედავად, ხშირად ვსარგებლობ საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც. მომწონს „მანის“ ახალი ავტობუსები. საცობებისა და საპარკინგე სივრცის გადამკიდე, დანიშნულების ადგილზე სწრაფად მისასვლელად ხშირად ვსარგებლობ მეტროთი. ცხადია, იმ უბნებში, სადაც მეტროს სადგურებია.
არ მომწონს, უწინარესად,  ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე მახინჯი მშენებლობები, ნაკლები სიმწვანე და ბოლო დროს ტრანსპორტით, საცობებით გადაჭედილი ქალაქი. ცალკე პრობლემაა როგორც მძღოლებისათვის, ასევე ფეხით მოსიარულეთათვის საპარკინგე სივრცის მეტწილად მოუწესრიგებლობა. მინდა, რომ ეტაპობრივად, საფუძვლიანად მოხდეს ამ ოთხი უმწვავესი პრობლემის მოგვარება.
მეტ გაღიმებულ სახეებს ვისურვებდი თბილისშიც და საქართველოს ნებისმიერ  კუთხე-კუნჭულშიც. სიმწვანე დიდად აკლია ჩვენს დედაქალაქს.  “ბეტონიფიკაცია” უფრო ჭარბობს, ვიდრე სიმწვანე.  ასევე აკლია ამ ქალაქს მთავარი მდინარის, მტკვრის რაციონალური ათვისების მომენტიც. მტკვრის სანაპირო თითქმის უკაცრიელია, მხოლოდ ავტომობილები… ფეხით მოსიარულენი მდინარის გასწვრივ ნაკლებად… მხოლოდ მეთევზეები და უცხოელი ტურისტები. მინდა, რომ ევროპის სხვა დედაქალაქებზე უფრო მეტად განვითარებული ვიხილო თბილისის ეს ცენტრალური ნაწილი ტრამვაის ლამაზი ვაგონებით და ფაეტონებით.
ქალაქის განვითარება მისი მაცხოვრებლების, საზოგადოების აქტიური ნაწილის უშუალო მონაწილეობით უნდა მოხდეს.  დიახ, გასაგებია, საკრებულოსა და მერს ვირჩევთ და ქალაქს სამართავად დროებით მათ გადავცემთ, მაგრამ არის უამრავი ყოველდღიური, ასობით, ათასობით საკითხი, რომელიც უბნის, სამეზობლოს თუ ქალაქის დონეზე ყოველდღიური კომუნიკაციის რეჟიმშია მოსაგვარებელი. საჭიროა ერთგვარი საზოგადოებრივი საკონსულტაციო, სათათბირო საბჭოები, რომლებიც საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან, მერიასთან ერთად საფუძვლიანად იმსჯელებს ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტაზე, პრიორიტეტულობაზე. დედაქალაქელებთან უშუალო კომუნიკაცია-კონსულტაციის გარეშე ვერცერთი ხელისუფალი ვერ იქნება ნაყოფიერი და ეფექტური.

კომენტარი