ვაკის პარკში სასტუმროს აშენება დაუშვებელია – ქალაქმგეგმარებელის არგუმენტები

ვაკის პარკში სასტუმროს აშენება დაუშვებელია – ქალაქმგეგმარებელის არგუმენტები

471
გაზიარება

რატომ არ შეიძლება ვაკის პარკში სასტუმროს აშენება, – ამ საკითხის შესახებ ქალაქმგეგმარებელმა, ზურაბ ბაქრაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერნეციაზე ისაუბრა.
როგორც ქალაქმგეგმარებელმა განმარტა, ყველა ქალაქს პარკი, სარეკრეაციო სივრცეები სჭირდება იმისთვის, რომ იქ ცხოვრება იყოს გაწონასწორებული.
„ვაკის პარკი არის საქალაქო პარკი ე.ი. ეს არის ისეთი ადგილი, რომელიც მაქსიმალურად მიახლოებული უნდა იყოს ბუნებრივ გარემოსთან.
საერთოდ, ქალაქი არის უკიდურესად კულტურული გარემო. ე.ი ადამიანის მიერ შექმნილი გარემო, რომელიც, ფაქტობრივად, ფსიქოლოგიურად და ფიზიოლოგიურად გამოფიტავს ადამიანს, ამიტომ წარმოიშვა ქალაქებში პარკების შექმნის კულტურა. პარკი ეს ურბანული მოვლენაა. ყველა ქალაქს იმისთვის, რომ იქ ცხოვრება იყოს გაწონასწორებული, სჭირდება სარეკრეაციო სივრცეები. სარეკრეაციო სივრცე ისეთი ხასიათის უნდა იყოს, ისეთი თვისებები უნდა ჰქონდეს, რომ მართლაც რეკრეაცია იყოს შესაძლებელი. როგორც კი სარეკრეაციო სივრცეში გაჩნდება ისეთი ობიექტები, რომელიც ამას ხელს შეუშლის, ის მაშინვე შეასუსტებს ამ როლს. ჩვენ რომ ისეთი ქალაქი გვქონდეს, როგორიც არის ბერლინი, ან ვენა, კიდევ შეიძლებოდა დაფიქრებულიყო რაღაცაზე ადამიანი, სადაც ათობით, შეიძლება ასზე მეტი, კვადრატული მეტრი მწვანე ფართისა მოდის ერთ სულ მოსახლეზე, ჩვენთან ეს მონაცემი 3-4 კვადრატულ მეტრს შორის მერყეობს, რაც სრულიად მოუღებელია. ბოლო კვლევები აჩვენებენ ქალაქში სიმსივნური დაავადებების ძალიან მნიშვნელოვან ზრდას სასუნთქი გზების დაავადებების ზრდას, რაც პირდაპირ არის ჰაერის დაბინძურებასა და მწვანე სივრცეების ნაკლებობასთან, ასეთ მდგომარეობაში ასეთი მნიშვნელოვანი ადგილის, ვაკის პარკის შევიწროება ისეთი ფუნქციებით, რომელიც ხელს შეუშლის მის სარეკრეაციო ფუნქციების შესრულებას, დაუშვებელია.
პარკი შეიქმნა ძალიან მძიმე პირობებში, ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდა საზოგადოებას იმისთვის, რომ ეს ადგილები გაემწვანებინა. ასეთ პარკთან ასეთი მოქცევა არ შეიძლება“, – განაცხადა ბაქრაძემ.
ბაქრაძის თქმით, ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობაზე ნებართვა გიგი უგულავას მერობის დროს კანონდარღვევით მოიპოვეს. როგორც ბაქრაძემ განაცხადა, უგულავამ დაარღვია თბილისის განაშენიანების მოთხოვნები, ადმინისტრაციული კოდექსი და სივრცითი მოწყობის კანონი.
„ინვესტორი ამბობს, რომ მას აქვს მშენებლობის უფლება, ეს არ არის სწორი. მშენებლობის ნებართვას გაუვიდა ვადა. ის ვალდებულია, მშენებლობის ახალი ნებართვა აიღოს. მეორე, რაც გუშინდელი შეხვედრის შემდეგ გაჟღერდა – არსებობს მერის, გიგი უგულავას განკარგულება სპეციალური შეთანხმების შესახებ, რომელიც კანონდარღვევით იქნა გაკეთებული. ახლა იმაზე ლაპარაკი, რომ კანონდარღვევას, ფაქტობრივად, დანაშაულს, უვადო მოქმედების ძალა აქვს, უცნაურია. თუ მერია ასეთი იურიდიული ხრიკის წინაშე უსუსურად გრძნობს თავს, ეს სამარცხვინოა. იურისპუდენცია არის ინსტრუმენტი საზოგადოების ხელში იმისთვის, რომ საზოგადოებამ ჯანსაღად განვითარება შეძლოს. კანონდარღვევით გაკეთებული საქმე, თურმე შეიძენს უვადო მოქმედების ძალას.
ბუნებრივია, რომ ეს შეცდომა გასწორდეს. ვერანაირი იურიდიული ხრიკები, წიაღსვლები იმის შესახებ, რომ ეს გამოუსწორბელია, საზოგადოებას არ დააკმაყოფილებს. საზოგადოება ამას ძალით დაიცავს.
მერიას აქვს იურიდიული ინსტრუმენტები იმისთვის, რომ ეს მიწის ნაკვეთი უკან დაიბრუნოს. გამოისყიდოს მერიამ, ჩვენც შევეწევით. ხალხიც შეაგროვებს და მისცემს ცოტას, სიმბოლურად. კანონი აძლევს უფლებას, გამოისყიდონ ნებისმიერი მიწის ნაკვეთი თუ ამის განსაკუთრებეული მნიშვნელობა არსებობს ქალაქისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მიწის ნაკვეთების გამოსყიდვა შეუძლიათ საბაზრო ფასად. არავინ გაიგოს ისე, რომ ეს წართმევა და ძალადობაა“, – განაცხადა ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, გუშინ თბილისის მერიაში სასტუმრო “ბუდაპეშტის” დამფუძნებელთან შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა ვაკის პარკში დაგეგმილი მშენებლობის შესახებ ისაუბრეს.
„მერია ძველებურად ხელების გადაგრეხვაზეა გადასული, მათი პირობები ჩევნთვის მიუღებელია, – ამის შესახებ სასტუმრო “ბუდაპეშტის” დამფუძნებელმა გიორგი ზაქაიძემ თბილისის მერიაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„გველაპარაკებიან, რომ ავაშენოთ რაღაც პატარა რესტორანი, ან გავცვალოთ მიწის ნაკვეთი. ჩვენ ამის სურვილი არ გვაქვს. 5 წელი სასამართლოში ვიბრძოდით, რომ აღგვედგინა უფლებები და დღეს ისევ იმავეს აკეთებენ. ამ 5 წლის განმავლობაში ჩვენთვის არავის არაფერი შემოუთავაზებია”, – განაცხადა ზაქაიძემ.
დედაქალაქის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ დამფუძნებელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მერიისთვის კატეგორიულად მიუღებელია, ვაკის პარკში, 30-მეტრიანი სასტუმროს ასაშენებლად მშენებლობის ნებართვა გასცეს.
„ჯერ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. ის თანხმობას არ აცხადებს არც მონაცვლეობაზე და არც პარამეტრების შემცირებაზე“,- განაცხადა ხმალაძემ.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით “მწვანე ალტერნატივის” საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო, რითაც უცვლელად დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მერიას ხელახლა დაავალა ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობაზე ნებართვის გაცემის განხილვა.
“მწვანე ალტერნატივის” განცხადებით, თითქმის 5-წლიანი სასამართლო დავის შედეგად, ძალაში დარჩა თბილისის მერის, გიგი უგულავას 2013 წლის 24 ივლისის #1592 განკარგულება, რომლითაც ილია ჭავჭავაძის გამზირის #68-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ვაკის პარკის ტერიტორიაზე, გაიზარდა ქალაქმშენებლობითი პარამეტრები და სასტუმროს განთავსების მიზნით სპეციალური (ზონალური) შეთანხმება დაამტკიცდა.
ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობას აქტივისტები აპროტესტებდნენ. ისინი პერმანენტულ აქციებსაც მართავდნენ, ვაკის პარკში გაშლილი ჰქონდათ კარვები, ხოლო მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილი, რათა ინვესტორს მშენებლობა არ გაეგრძელებინა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარი