ზურაბ ბაქრაძე – როგორ უნდა განვითარდეს თბილისი?

ზურაბ ბაქრაძე – როგორ უნდა განვითარდეს თბილისი?

634
გაზიარება

თბილისი ჩემთვის სამშობლოა. ჩემ გარდა, ის სამშობლოა უამრავი სხვა ადამიანისთვის და ამდენად, მისი განხილვა მხოლოდ მომგებიანი მშენებლობის არეალად, რაც მთელ პოსტსაბჭოურ კომუნალურ პოლიტიკას წითელ ხაზად გასდევს, არის ამ ადამიანთა შეურაცხყოფა, მათ ეგზისტენციურ სფეროში უხეში შეჭრა. ეს სამშობლო წარმოადგენს შესანიშნავ კულტურულ ლანდშაფტს, რომელიც ყოველდღიურად ეწირება ანგარებით შეპყრობილ ძალაუფლებამოხვეჭილთა ინტერესებს. თბილისზე ეს ძალადობა თბილისელებზე ძალადობაა.
დღევანდელ თბილისში მისი ჯერ კიდევ შემორჩენილი ლანდშაფტური ხასიათი და ასევე, ჯერ კიდევ შემორჩენილი სამეზობლოები მომწონს. არ მომწონს თბილისელთა უპასუხისმგებლო დამოკიდებულება თავიანთი საარსებო გარემოსადმი, რაც ხელფეხს უხსნის სწრაფ მოგებას გამოკიდებულ ინვესტორებს და მათ მოსამსახურე არქიტექტორებს, ინჟინრებს, მშენებლებს თბილისის ფასეულობათა ნგრევაში. ჩემი აზრით, დღევანდელ ქალაქს, პირველ რიგში, პასუხისმგებლობიანი მოქალაქეები აკლია. ამის მერე მას აკლია ქალაქის მმართველთა პოლიტიკური ნება, განავითარონ ქალაქი მისი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე და გონივრული დაგეგმვის, ე.ი. ადამიანზე ორიენტირებული ქალაქგეგმარების საფუძველზე.
თბილისმა საქართველოს დედაქალაქის სტატუსი ნელ-ნელა უნდა ჩამოიშოროს და შეიძინოს დიდი რეგიონის, სამხრეთ კავკასიისა და ჩრდილოეთ ახლო აღმოსავლეთის სავაჭრო და კულტურული ცენტრის ხასიათი. მცირე რეგიონულ დედაქალაქებად კი საქართველოს კუთხეების ქალაქები უნდა ჩამოყალიბდნენ. ეს უნდა გახდეს საქართველოს დეცენტრალური სივრცითი მოწყობის მიზანი. მხოლოდ მაშინ შეძლებს საკუთრივ თბილისი ჩამოიშოროს მისთვის უცხო, მთელი საქართველოს ცენტრალური პოლიტიკური ფუნქციები და განვითარდეს განსხვავებულ კულტურათა ურთიერთგამამდიდრებელ თანაარსებობად, რომელიც ჩავანებული იქნება კომპაქტურად განაშენიანებული უბნების და ერთიანი სარეკრეაციო სისტემის ურთიერთკავშირში მყოფ კულტურულ ლანდშაფტში.

კომენტარი