რატომ დაიწყო თბილისში ფიჭვების ინტენსიური ხმობა?

რატომ დაიწყო თბილისში ფიჭვების ინტენსიური ხმობა?

197
გაზიარება

დედაქალაქში დაავადებული და ხმობადი ხეების ჭრის პროცესი გრძელდება. გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, სანიტარული ჭრები 28 იანვრიდან პირველ ეტაპზე ცენტრალურ უბნებში – კარტოზია-ცინცაძის კვეთაზე, ბახტრიონის ქუჩის ასახვევთან და მოსკოვის გამზირზე ჩატარდება და შემდეგ მთელი თბილისის მასშტაბით გაგრძელდება.
სამუშაოების ფარგლებში, მოიჭრება 20 000-ზე მეტი ძირი დაავადებული და ხმობადი ხე-მცენარე. აღნიშნული ხეები, მოჭრამდე, სპეციალური ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე აღიწერა.
თბილისის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ, ეზოებში არსებული დაავადებული და ხმობადი ფიჭვების შესახებ ინფორმაცია, ფოტოსურათთან ერთად, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს მიაწოდოს, რათა მათზე დროული რეაგირება მოხდეს.
გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის განცხადებით, დედაქალაქის შემოგარენში და საქართველოს მთელ რიგ რეგიონებში ფიჭვები ამ სახეობისთვის განკუთვნილ ბუნებრივ არეალში არ იყო გაშენებული, რის გამოც, 1997-1998 წლებიდან მათი ინტენსიური ხმობა დაიწყო.
ფიჭვების ხელოვნური გაშენებისას დარღვეულია აგროტექნიკური პირობები, ნერგების აბსოლუტურ უმრავლესობას არ აქვს მთავარღერძიანი ფესვი, რის გამოც, თხელ, განუვითარებელ ნიადაგზე და ხშირ შემთხვევაში, აფეთქებების შედეგად წარმოქმნილ ორმოებში ზედაპირული ფესვთა სისტემაა განვითარებული.
აღნიშნული მიზეზებისა და კლიმატის გლობალური ცვლილების ფონზე, ფიჭვის ზრდა-განვითარებისთვის საჭირო ეკოლოგიური პირობები დაირღვა, რამაც ფიზიოლოგიური პროცესებისა და გამძლეობის დაქვეითება განაპირობა.

კომენტარი