დიდი დიღომი თუ ლილო, მეტრო თუ ტრამვაი – მერიას პრიორიტეტების გადახედვას ურჩევენ

დიდი დიღომი თუ ლილო, მეტრო თუ ტრამვაი – მერიას პრიორიტეტების გადახედვას ურჩევენ

6811
გაზიარება

რა პერსპექტივა აქვს მიწისზედა მეტროს მშენებლობას დიდი დიღმის მიმართულებით? როგორც ირკვევა, ეს საკითხი დედაქალაქის მერიაში აქტუალურია, თუმცა  როგორც მერიაში აცხადებენ, მიმდინარე  წლის  დაგემილი პროექტების ნუსხაში ის არ არის.
დიდ დიღომში მეტროს  მშენებლობის აუცილებლობაზე საუბრობს თბილისის ვიცე- მერი ირაკლი ხმალაძე და შესაბამისი პროექტის მომზადება – დამუშავებასაც აანონსებს. დიდი დიღმის მიმართულებით, სატრანსპორტო კომუნიკაციების გაუმჯობესება აუცილებლად მიაჩნია  თბილისის მერის მოადგილეს, მაია ბითაძეს.
დიდ დიღომში მიწისზედა მეტროს აშენებას მხარს უჭერს „ ურბანული ლაბორატორიაც“. როგორც ამ არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ბაბუნაშვილი აცხადებს,  ამ ეტაპზე თბილისისთვის დიდ დიღომის მიმართულება უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე პროექტი, რომელსაც მერია ლობირებს და რომელიც მიწისზედა მეტროს მშენებლობას სამგორი – ლილოს მიმართულებით ითვალისწინებს.
ბაბუნაშვილის განმარტებით, გადაადგილების პრობლემა და ტრანსპორტის დეფიციტი დიდი დიღმის მიმართულებით უფრო გამოკვეთილია, ვიდრე  ლილოს შემთხვევაში. როგორც „ურბანულ ლაბორატორიაში“ აცხადებენ, ლილოს მიმართულებაზე საათში დაახლოებით 8 800 მგზავრი  გადაადგილდება, მაშინ როცა დიდი დიღმის მიმართულებას  გაცილებით დიდი მგზავრთნაკადი ჰყავს. ურანულ ლაბორატორიაში დარწმუნებულები არიან, რომ თანხა, რომელიც სამგორი – ლილოს ასაშენებლად უნდა დაიხარჯოს, დიდი დიღმის მიმართულებაზე უფრო მეტ ეფექტს მოიტანს და უკუგებაც გაცილებით სწრაფად მოხდება.
ბაბუნაშვილის შეფასებით, სამგორი- ლილოს მიწისზედა მეტრო პრობლემებს შეუქმნის კახეთის რკინიგზის განვითარებასაც.
კიდევ ერთი არგუმენტი დიდი დიღმის სასარგებლოდ ბაბუნაშვილის მოსაზრებით, არის ის, რომ მიწისზედა მეტროს მშენებლობა სამგორი ლილის მიმართულებით ეწინააღმდეგება „კომპაქტური ქალაქის“ კონცეფციას, რომელიც დედაქალაქის ახალ გენგეგმაშია გაწერილი.
ურბანულ ლაბორატორიაში ფიქრობენ,  რომ როგორც ერთ, ასევე მეორე მიმართულებაზე უმჯობესი იქნება, თუ მიწისზედა მეტროს ნაცვლად ტრამვაი ან ტრამვაი- მატარებელი იმოძრავებს. ბაბუნაშვილი არ ეთანხმება გავრცელებულ მოსაზრებას, რომ ტრამვაი ან ტრამვაი- მატარებილი უფრო ძვირი სიამოვნებაა ვიდრე მეტრო.   გარდა ამისა ურბანულ ლაბორატორიაში ფიქრობენ, რომ ტრმავაი  მიწისზედა მეტროსგან განსხვავებით ბარიერებს არ უქმნის სხვა ტიპის ტრანსპორტს, არ ხლეჩს ქუჩებს,  ნაკლებად ხმაურიანია და ვიზუალურადაც უფრო ეფექტურად გამოიყურება. ერთადერთი რაშიც მიწისზედაა მეტროს უპირატესობა აქვს ეს გამტარუნარიანობაა, აცხადებენ “ურბანულ ლაბორატორიაში” და მერიას პრიორიტების უკეთესად განსაზღვრას ურჩევენ.

ავტორი: ზურა ხაჭაპურიძე

კომენტარი