მამუკა სალუქვაძე – გოგი ლორთქიფანიძეს გენგეგმის კრიტიკა არც გამოსდის და არც ეშვება

მამუკა სალუქვაძე – გოგი ლორთქიფანიძეს გენგეგმის კრიტიკა არც გამოსდის და არც ეშვება

407
გაზიარება

“სითი ინსტიტუტი საქართველოს” დირექტორი მამუკა სალუქვაძე ორგანიზაცია „სახალხო თვითმმართველობის“ თავმჯდომარის, გოგი ლორთქიფანიძის მიერ ipress-თან მიცემულ ინტერვიუს ეხმაურება და მიიჩნევს, რომ ლორთქიფანიძე გენგეგმის ფუჭი კრიტიკითაა დაკავებული.
“ნამდვილად არ ვიცი და არ მაინტერესებს, რა დროს და რატომ სტკივდება თავი გოგი ლორთქიფანიძეს. ერთი ვიცი, რომ მისი წარმატებული ქალაქგეგმარებითი პრაქტიკის შესახებ ისტორიამ და დოკუმენტურმა წყაროებმა ვერაფერი ღირშესანიშნავი ვერ შემოგვინახეს. მისი, როგორც გენგეგმის “ვაი კრიტიკოსის” როლიც გავიგეთ და მისი “გაცოცხლებაც” გენგეგმის მიღების გადამწყვეტ ეტაპებზე ჩვენთვის ცნობილია. რა უნდა ამ კაცს ვერ გაიგებთ, უფრო სწორად, ძალიან უნდა განახლებული გენგეგმის პროფესიონალურ დონეზე კრიტიკა, მაგრამ ვერანაირად ვერ ახერხებს და ამის ნაცვლად, ტყუილ-მართალის “აჯაფსანდალით” ცდილობს “მომაკვდინებელი დარტყმა” მიაყენოს თბილისისთვის უმნიშვნელოვანეს ამ დოკუმენტს. მოკლედ, არც გამოსდის და არც ეშვება. ძალაუნებურად ჩნდება ეჭვი, რომ შესაძლოა ეს პიროვნება ახმოვანებს ადამიანთა გარკვეული დაინტერესებული ჯგუფის პოზიციას, რომლებსაც სავარაუდოდ მართლაც ძალიან ეტკინებათ თავი თბილისის მიწათსარგებლობის განახლებული გენგეგმის დამტკიცებით. მინდა კარგად და მკაფიოდ დავუფიქსირო ამ ადამიანებს: ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, პრინციპული, მართალი და პროფესიულ დონეზე შესრულებული ქალაქგეგმარებითი დოკუმენტი, რომელიც უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში შემუშავებულა საქართველოში. განახლებული გენგეგმა გერმანელმა, ფრანგმა, ჰოლანდიელმა ქალაქმგეგმარებლებმა და ურბანისტებმა აღიარეს, როგორც თანამედროვე ევროპული სტანდარტების მქონე დოკუმენტი. არცერთ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტასა და პრინციპს, რომელიც უპირველეს ყოვლისა, კანონმდებლობით, საჯარო ინტერესებითა და უსაფრთხოებით არის ნაკარნახევი, გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფი არ გადაუხვევს და არ შეცვლის. ეს დოკუმენტი აუცილებლად იქნება დამტკიცებული უახლოეს ხანში, იმიტომ რომ ამის გარეშე, ისედაც უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ თბილისს სამუდამოდ დავკარგავთ…მინდა ეს ყველაფერი კარგად დაიმახსოვროთ, კარგად ჩაიბეჭდოთ მეხსიერებაში.”- აღნიშნავს მამუკა სალუქვაძე.

კომენტარი