14,5 მილიონი რეკლამის განთავსების სანაცვლოდ – აუქციონის გამარჯვებული ინკოგნიტოდ რჩება

14,5 მილიონი რეკლამის განთავსების სანაცვლოდ – აუქციონის გამარჯვებული ინკოგნიტოდ რჩება

229
გაზიარება

თბილისის მეტროში, ავტობუსებსა და ტაქსებზე რეკლამის განთავსების უფლება 14,5 მილიონ ლარად გასხვისდება. ქონების მართვის სააგენტოს მიერ ჩატარებულ აუქციონში გამარჯვებულ კომპანიას მერიაში ამ ეტაპზე არ ასახელებენ. როგორც „სითი კვირას“ ქონების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ეს ინფორმაცია მხოლოდ მას შემდეგ გასაჯაროვდება, რაც გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდება და კომპანია თანხის ნაწილს გადაიხდის.
ცნობილია, რომ აუქციონის საწყის ფასად 11 847 124 ლარი განისაზღვრა. ვაჭრობაში სამი კომპანია მონაწილეობდა.
აუქციონის პირობების თანახმად, გამარჯვებულ კომპანიას უფლება ექნება, 20 წლის განმავლობაში განათავსოს რეკლამა „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ბალანსზე არსებულ ინფრასტრუქტურაზე, კერძოდ, მოძრავ და უძრავ ქონებაზე, ასევე  შესაბამისი ნებართვის მქონე თეთრ ტაქსებზე.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში გამარჯვებული 15 კალენდარული დღის ვადაში არ გადაიხდის განთავსების უფლების საფასურს, მას დამატებით განესაზღვრება 60-დღიანი ვადა ვალდებულების შესასრულებლად. თუ აღნიშნულ ვადაშიც განთავსების უფლების საფასური არ იქნა გადახდილი, უფლების გამცემი უფლებამოსილია, შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება ხელშეკრულებით დადგენილი წესით.
როგორც ცნობილია, აღნიშნულ აუქციონს არასამთავრობო სექტორის მხრიდან მკვეთრად ნეგატიური შეფასება მოჰყვა. ისინი ამ აუქციონში კორუფციულ რისკებს ხედავდნენ. მეტიც, აპროტესტებდნენ ვადებსაც, რამდენადაც დოკუმენტაციის პირველადი ვარიანტით განცხადების გაკეთებისთვის კომპანიებს, რეალურად, მხოლოდ ერთკვირიანი პერიოდი ჰქონდათ.
შეგახსენებთ, რომ  სატრანსპორტო კომპანიას ბალანსსზე არსებულ სატრანსპორტო საშუალებებს ყოველდღიურად   700 000 მგზავრი გადაყავთ (ავტობუსებით- 400 000, მეტროთი- 300 000).

კომენტარი