ბინათმშენებლობით დაზარალებულ 17 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცემა

ბინათმშენებლობით დაზარალებულ 17 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცემა

38
გაზიარება

დედაქალაქის მერია კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ დამატებით 17 ოჯახს საცხოვრებელ ფართებს სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადასცემს, – ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, თბილისის მთავრობა დაზარალებული ოჯახების პრობლემის მოგვარებაზე ზრუნავს.
„იცით ჩვენი დამოკიდებულება კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულების მიმართ. ამ მიმართულებით უკვე კონკრეტული ნაბიჯები გვაქვს გადადგმული და ვცდილობთ, რომ აღნიშნული პრობლემა მოგვარდეს. დღეს მთავრობის სხდომაზე გამოგვაქვს საკითხი, რომლის მიხედვითაც, კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული კიდევ 17 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ თანხად – ერთ ლარად გადაეცემა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით, პირველ რიგში, საცხოვრებელი ფართებით იმ ოჯახების დაკმაყოფილება მოხდება, რომელთაც ყველაზე მძიმე სოციალური მდგომარეობა აქვთ.
„აღნიშნული ფართები ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩაზე და მდინარე მტკვარს შორის მდებარე კორპუსშია. შერჩევა ხდება სოციალურად დაუცველის სტატუსის მიხედვით. ვინც ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია და ვისაც ყველაზე მეტად უჭირს, პირველ რიგში, ამ ადამიანებს ვაკმაყოფილებთ. მინდა ამ ოჯახებს მივულოცო“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კომენტარი