,,მე თბილისი კი არ მომწონს, მე თბილისი მიყვარს – თავისი ჭრილობებითა და...

,,მე თბილისი კი არ მომწონს, მე თბილისი მიყვარს – თავისი ჭრილობებითა და იარებით“ – ლადო კახაძე

388
გაზიარება

მე თბილისი კი არ მომწონს, მე თბილისი მიყვარს – თავისი ჭრილობებით, იარებით,  მეყვარება თავისი პერსპექტივით, წარსულით, აწმყოთი და მომავლით. როდესაც ვინმე/რამე გიყვარს მასში ნაკლს იშვიათად ხედავ, თუმცა ჩემი, როგორც ექიმის გადმოსახედიდან, თბილისში ჩახედვისას ბევრი ავადმყოფობის ნიშანს ვხედავ, რომლის განკურნების გზები, აუცილებლად, უნდა მოვძებნოთ.
ნამდვილად არ არის მოსაწონი თბილისში მცხოვრები ხალხის მორალური მხარე. დედაქალაქში ადრე ბევრ გაღიმებულ სახეს ნახავდით, ბედნიერსა და მუდამ მომცინარს, მოქალაქეებს არ ეშლებოდათ გვერდით დგომა, ძმობა, სიყვარული და პატივისცემა.
თბილისში ადამიანებს შეცდომას პატიობდნენ და შემდგომში, ამ შეცდომის გამოსწორების საშუალებას აძლევნენ. დღეს ახალგაზრდები ერთმანეთის კონკურენტები არიან, ეს მხოლოდ თბილისის ბრალი არ არის, ამ ყველაფერში დამნაშავე ცივილიზაცაა.
წლების წინ დედაქალაქში ადამიანები კინოსა და თეატრის რიგებში იდგენენ. რიგში დგომის დროს ისინი ერთმანეთში მუსაიფობნენ, ცვლიდნენ ინფორმაციას, გულშემატკივრობდნენ საყვარელ მსახიობებს და ამ ყველაფრისგან უდიდეს სიამოვნებას იღებდნენ.
ახალი წელი, აღდგომა – ეს დღესასწაულები ოჯახურ შეკრებებთან ასოცირდებოდა, ხოლო დღეს ადამიანებმა გარეთ გასვლა დაიწყეს, დედა სხვაგან ხვდება ახალ წელს, შვილი სხვაგან. ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან ძნელი აღსაქმელია, თორემ ყველას თავისი ცხოვრების გზა აქვს და, ბუნებრივია, ისე უნდა იცხოვროს როგორც მას მიაჩნია სწორად.
თბილისი არა მხოლოდ მარგალიტი, არამედ განსხვავებული ბრჭყვიალა ბრილიანტია, თავისი ისტორიული მემკვიდრეობით. ჩვენი წინაპრების დატოვებულ ნაკვალევი ასე არ უნდა ,,დაალაჯებდეს“ ქართველი, მან თითისწვერებით უნდა იაროს დედაქალაქში, რადგან ეს დიდი პასუხისმგებლობაა.
ყოველთვის დიდი სურვილი მქონდა და ეს ევროპის საბჭომაც დაადასტურა 2000 წელს, რომ თბილისში გახსნილიყო მსოფლიოს უძველეს ქალაქთა ისტორიული მემკვიდრეობითობის შემსწავლელი ცენტრი. ეს როგორ კულტურული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტი ქალაქისთვის შესანიშნავი იქნებოდა. მაგალითად პრეზიდენტის სასახლეს ამ ცენტრისათვის სიამოვნებით გამოვიყენებდი. ეს დაგვეხმარებოდა თაობათა კულტურული გაზრდისათვის და ქართველი ხალხი გავმდიდრდებოდით როგორც მატერიალურად, ასევე სულიერადაც.

მოამზადა ნათია კოსტავამ

კომენტარი