გაიზრდება კონკურენცია და მშენებლობის ხარისხი – სპეციალისტები k2-ის გაყიდვის აკრძალვას აფასებენ

გაიზრდება კონკურენცია და მშენებლობის ხარისხი – სპეციალისტები k2-ის გაყიდვის აკრძალვას აფასებენ

453
გაზიარება

„ეს არის აუცილებელი და დროული გადაწყვეტილება, რომელიც ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“ – ასე აფასებს „მენაშენათა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი მერიის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც დედაქალაქში K2 კოეფიციენტის გაყიდვა იკრძალება.
როსტომაშვილის განმარტებით, კოეფიციენტებით მანიპულირება  და k2-ის  გაყიდვის მანკიერი პრაქტიკა 2000-იანი წლების დასაწყისში, წინა ხელისუფლების დროს დამკვიდრდა და ქალაქს და მის იერსახეს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.
„ეს  გააკეთა იმ ხალხმა, ვისაც წარმოდგენაც არ აქვს, რა არის ურბანული პოლიტიკა“ – აცხადებს როსტომაშვილი.
მისი თქმით, ის და მისი თანამოაზრეები უკვე წლებია, ითხოვდნენ ამ ნაბიჯის გადადგმას და კარგია, რომ, ბოლოს და ბოლოს, მერიამ მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება.
როსტომაშვილი დარწმუნებულია, რომ მას შემდეგ, რაც ეს აკრძალვა ძალაში შევა, თბილისში მიწასაც რეალური ფასი დაედება და დეველოპერებსა და მშენებლებს ჯანსაღი კონკურენციის პირობებში მოუწევთ საქმიანობა.
„აქამდე დეველოპერის წარმატება იმაზე იყო დამოკიდებული, ვინ მეტს ააშენებდა, ამ შეზღუდვის შემდეგ მთავარი იქნება შესრულებული სამუშაოს ხარისხი“ – აცხადებს როსტომაშვილი.
როსტომაშვილის განმარტებით, K2 იშიფრება, როგორც ინტენსიური განაშენიეანების კოეფიციენტი, რაც გულისხმობს მიწის ნაკვეთზე განთავსებული კაპიტალური შენობა-ნაგებობის ჯამური ფართობის შეფარდებას მიწის ნაკვეთის ფართობთან.
მაგალითად, თუ K2 კოეფიციენტი იყო სამი, 1000 კვადრატული მეტრზე  შესაძლებელი ხდებოდა 3000 კვადრატული მეტრის აშენება. მოკლედ, როგორც როსტომაშვილი განმარტავს, K2 კოეფიციენტი იძლევა სამშენებლო ფართით მანიპულირების საშუალებს.
“მაგალითად, რომელიმე დეპუტატთან ან ხელისუფლებასთან  დაახლოებულ დეველოპერს შეეძლო, ფულის სანაცვლოდ  გაეზარდა მშენებარე შენობის ფართი და მოცულობა, რის საშუალებასაც მისი კონკურენტები მოკლებულები იყვნენ” – განმარტავს როსტომაშვილი.
შეგახსენებთ, რომ თბილისში სამშენებლო სექტორში ახალი რეგულაციები შემოდის. დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, აღიკვეთება K2 კოეფიციენტების გაყიდვა და კოეფიციენტების მატება. რეგულაცია გავრცელდება ყველა ნებართვასა და გრგ-ზე, რომელიც რეგულაციის ამოქმედების მომენტიდან იქნება მიღებული წარმოებაში.

კომენტარი