ლევან ბერიძე: K2-ის მატების აკრძალვას სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების აღდგენა უნდა მოჰყვეს

ლევან ბერიძე: K2-ის მატების აკრძალვას სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების აღდგენა უნდა მოჰყვეს

1129
გაზიარება

არქიტექტორ ლევან ბერიძის განცხადებით, K2 კოეფიციენტის მატების აკრძალვასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აუცილებლად უნდა მოჰყვეს  სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების აღდგენა.
“იმისათვის, რომ ჯანმრთელი განაშენიანება მივიღოთ, დაცული უნდა იყოს ინსოლაციისა და განათების ნორმა. გარკვეული პერიოდი უნდა შემოდიოდეს მზე და განათებაც ნორმალური იყოს. ეს ყველა ცივილიზებულ, ევროპულ ქვეყანაში ნორმირებულია. ჩვენთანაც იყო, მაგრამ გააუქმეს და აუცილებლად აღსადგენია.”- აცხადებს არქიტექტორი.
ლევან ბერიძე “სითი კვირასთან” საუბრისას განმარტავს, თუ რა არის K2 კოეფიციენტი და როგორ დგინდება, რა სიმჭიდროვით განაშენიანდეს ესა თუ ის ტერიტორია.
“თუ 2 ადამიანი 9 კვ.მ-იან ოთახში ცხოვრობს და ასე თუ ისე, ნორმალურად არიან, სურათი რადიკალურად შეიცვლება, თუკი მათ კიდევ 10 კაცს შევუსახლებთ. განაშენიანებაშიც იგივე პრინციპია. ამ პრინციპის დარღვევამ გამოიწვია ის სიმჭიდროვე, რაც, მაგალითად, სპორტის სასახლის უკან მივიღეთ. სწორედ K2 კოეფიციენტი განსაზღვრავს, რამხელა ფართის აშენება შეიძლება ტერიტორიაზე. თუ ტერიტორია 1 000 კვადრატული მეტრია, ხოლო კოეფიციენტი – 2, მაშინ 2 000 კვ.მ-ს აშენება შეიძლება. თუ გადავამეტებთ, გარემო ჯანმრთელი აღარ იქნება, ამიტომ გენერალური გეგმით დადგენილი კოეფიციენტები მხოლოდ განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესისას ან სტრატეგიული მიზნებისთვის უნდა შეიცვალოს, სხვა შემთხვევაში, K2-ის გადამეტება არ შეიძლება. ასე რომ, მერიის დასკვნა ლოგიკურია.”- აღნიშნავს ლევან ბერიძე.

კომენტარი