ქალაქში დეპრესიული ფონია – ბექა ქურხული

ქალაქში დეპრესიული ფონია – ბექა ქურხული

682
გაზიარება

ვიქნები ბანალური და ვიტყვი, რომ თბილისი ძალიან მიყვარს, რადგან აქ დავიბადე და გავიზარდე. ყოველთვის უდიდესი ნოსტალგია მაქვს ამ ქალაქთან, როდესაც საქართველოს საზღვრებს ვცდები.
უზომოდ მიყვარს ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ბოდიალი, მაგრამ ვგრძნობ, რომ თბილისთან სულ სხვა დამოკიდებულება მაქვს.
დედაქალაქში გამორჩეულია ჩემთვის ჩემი უბანი, საბურთალო, რომელთანაც განსაკუთრებული მოგონებები მაკავშირებს ბავშვობიდან. მიყვარს ისეთი ადგილები, სადაც სიძველე იგრძნობა – მთაწმინდა, ნარიყალა, ძველი თბილისი.
სპორტის დიდი გულშემატკივარი ვარ და ასევე, მნიშვნელოვანი ადგილია ჩემთვის დინამოს სტადიონი, რომელსაც უდიდესი ისტორია აქვს მისივე არსებობის პერიოდში. პირდაპირი მნიშვნელობით, იქ იგრძნობა სული, რომ წლების წინ რაღაც განსაკუთრებული ხდებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ თბილისი მიყვარს, უნდა ვთქვა, რომ ქალაქში დეპრესიული ფონია, ქალაქი ნაცრისფერი გახდა. ქვეყანას უამრავი პრობლემა აქვს და თბილისი ამ ყველაფრის ანარეკლია.
რაც შეეხება დღევანდელ თბილისს, ასევე ვერ ვიქნები ორიგინალური თუ გეტყვით, რომ ძალიან არ მომწონს როგორც ინფრასტრუქტურული სახით, ასევე მენტალური სახითაც.
პირველ რიგში, გავაკონტროლებდი უთავბოლო მოძრაობას, ტრანსპორტის კუთხით, ვიზრუნებდი, რომ თბილისი მეტად განმეტვირთა, შევაჩერებდი ულამაზო მშენებლობებს, რადგან ეს ქალაქის იერსახეზე ცუდად აისახება.
ქალაქი ძალიან მოუწესრიგებელია, სრულიად გაუგებარი რამ ხდება თბილისში, სამწუხაროდ, არც ამ ქალაქს და არც ამ ქვეყანას არ გამოუჩნდა პატრონი, რომელიც იზრუნებდა თბილისის კეთილდღეობაზე.

მოამზადა ნათია კოსტავამ

კომენტარი