პარკირების წესების დარღვევისთვის ჯარიმები მკაცრდება – ინიციატორი საპარლამენტო უმრავლესობაა

პარკირების წესების დარღვევისთვის ჯარიმები მკაცრდება – ინიციატორი საპარლამენტო უმრავლესობაა

482
გაზიარება

დედაქალაქის საზღვრებში დგომა – გაჩერებისა და პარკირების წესების დარღვევაზე, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება. ცვლილებები “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ უკვე წარედგინა პარლამენტის ბიუროს.
ცვლილებების მიხედვით, სამართალდარღვევად განისაზღვრება და დგინდება ჯარიმები შემდეგი შემთხვევებისთვის:

– ნებართვის მქონე ტაქსის პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების პარკირება – ჯარიმა 50 ლარი;

– სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილ მოძრაობის სპეციალურ ზოლში (BUS LANE) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა, სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა – ჯარიმა 100 ლარი;

– წინასწარი შეცნობით სატრანსპორტო საშუალების გზაზე გაჩერება ან დგომა სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშანი და ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრის ან “TEST“ ნომრის გარეშე – ჯარიმა 100 ლარი;

– ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების პარკირება – ჯარიმა 50 ლარი;

– დედაქალაქის ტერიტორიაზე პარკირების ადგილზე პარკირებული სატრანსპორტო საშუალების გამოყენება სამეწარმეო საქმიანობის მიზნით – ჯარიმა 200 ლარი, განმეორებით შემთხვევაზე – 400 ლარი; ამასთან, სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან არა უგვიანეს 1 საათისა, შეწყვიტოს აღნიშნული საქმიანობა.

– დედაქალაქის ტერიტორიაზე სატვირთო ავტომობილის ან მისაბმელის დგომა სხვა კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისთვის განკუთვნილ პარკირების ადგილებზე – ჯარიმა 500 ლარი.

აღნიშნული ცვლილებების ინიციატორი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფია.

კომენტარი