კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 20 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცემა

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 20 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცემა

151
გაზიარება

დედაქალაქის მერია საცხოვრებელ ფართებს კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ დამატებით 20 ოჯახს გადასცემს, – ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, დაზარალებული მოქალაქეების ფართებით დაკმაყოფილების მიზნით გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში კიდევ ერთი გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა.
„თბილისის მერიამ კოოპერატიული ბინათმშენებლობის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების დაკმაყოფილების მიზნით გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში კიდევ ერთი გამარჯვებული კომპანია გამოავლინა. იცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროექტი ჩვენთვის. 3000-ზე მეტი ოჯახია დაზარალებული. ჩვენ დავდეთ პირობა, რომ ამ პრობლემას, რომელიც წლების განმავლობაში არსებობდა, მოვაგვარებდით. ეს პროცესი უკვე დაწყებულია. დაახლოებით, 183 ოჯახი ფართებით უკვე დაკმაყოფილებულია. აქედან 60 ოჯახს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ფართები უკვე გადაეცა. დაახლოებით, 123 ფართი კი მშენებლობის პროცესშია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, დღეს კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ სამ ოჯახს უკვე დასრულებული ბინები გადაეცემა.
„დიდი დიღმის IV მიკრორაიონში, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო პროექტის დასრულების შემდეგ, საცხოვრებელი ფართები 20 დაზარალებულ ოჯახს გადაეცემა. გარდა ამისა, დღეს კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ სამ ოჯახს გადავცემთ უკვე დასრულებულ ბინებს. კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო ამ ადამიანებს, რომლებიც ფართებს წლების განმავლობაში ელოდებოდნენ. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ეს დაპირება შესრულდეს და დაზარალებული ოჯახები ფართებით დაკმაყოფილდნენ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
კახა კალაძის განცხადებით, გარდა ამისა, ინტერესთა გამოხატვა გამოცხადებულია კიდევ რამდენიმე ადგილზე – დიდი დიღმის IV მიკრორაიონში; დიდ დიღომში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრზე; არჩილ მეფისა და პეტრე იბერის ქუჩებზე.
„იმედი გვაქვს, რომ ინტერესთა გამოხატვა აქაც წარმატებით დასრულდება და შეირჩევა კომპანიები, რომლებიც  კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ ოჯახებს ფართებით დააკმაყოფილებენ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კომენტარი