ავლაბრის არალეგალურ სტამბას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ავლაბრის არალეგალურ სტამბას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

187
გაზიარება

ავლაბრის არალეგალურ სტამბას, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის მფლობელობაშია, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი საკუთარ “ფეისბუქგვერდზე” წერს, ზოგი ამ სტამბას მხოლოდ ბოლშევიკური ორგანიზაციის ისტორიის ნაწილად თვლის, მაგრამ სინამდვილეში ის ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენის გზის მნიშვნელოვან ძეგლად გვევლინება. ის დაარსებულია ცნობილი რევოლუციონერის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი გმირის, ლადო კეცხოველის მიერ 1903 წელს, მაშინ, როცა ქართველი ერი რუსეთის ცარიზმის წნეხის ქვეშ იტანჯებოდა.
“დღეს ლადო კეცხოველის არცერთი მემორიალური ძეგლი არ არსებობს. ყოფილ ალექსანდრეს ბაღში აიღეს მისი ფანტასტიკური ძეგლი. არავინ იცის, დამოუკიდებლობის პერიოდში ის სად იქნებოდა: სტალინთან და ორჯონიკიძესთან თუ ნოეებთან და ქაქუცასთან. ის გმირულად შეხვდა სიკვდილს მეტეხის ციხეში. დღეს ხარობს მისი სული და მეც ვხარობ, რომ კავკასიის მასშტაბით ყველაზე ძველი სტამბა დღეს ეროვნული ბიბლიოთეკის ფრთებქვეშაა. ამაზე ძველი ბაქოში იყო, ისიც ლადო კეცხოველის მიერ შექმნილი, მაგრამ 1990 წელს მიწით ამოავსეს და გაასხვისეს. რამდენიმე წლის წინ მე და ჩემი გენერალური დირექტორი ვიყავით ბაქოში და ვნახეთ ეს ნასტამბარი.
ვულოცავ ყველას ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. აქ მდგარი საბეჭდი დანადგარი ყველაზე ძველია საქართველოში. მას ცოტა ხანში უფრო გალამაზებულს ნახავთ, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მითითებით ჩატარებული რესტავრაციის შემდეგ. დიდი მადლობა ბატონ ნიკა ანთიძეს ყველა იმ დახმარებისათვის, რასაც ეროვნულ ბიბლიოთეკას უწევს. დიდი მადლობა ბატონ გრიშა ონიანს.”- წერს ლევან თაქთაქიშვილი.

კომენტარი