„ჩემო თბილისო… რა ლამაზი, კოხტა და წკრიალა დაგტოვე რამდენიმე ათეული წლის წინ“

„ჩემო თბილისო… რა ლამაზი, კოხტა და წკრიალა დაგტოვე რამდენიმე ათეული წლის წინ“

1395
გაზიარება

ქველმოქმედი, არქიტექტორი – აბრაჰამ პაატა იოსები (იოსებაშვილი)ცხინვალში დაიბადა, სკოლა ქუთაისში დაამთავრა, სტუდენტობის ლამაზი ხანა კი თბილისს უკავშირდება.
“სად დაიკარგა თბილისი… თბილისი მახინჯდება, შენობები ერთმანეთის გვერდიგვერდ შენდება, დაცული არ არის ურბანისტიკის მინიმალური კანონები! უჰაერო, უსინათლო და უჰორიზონტო ბინები მომრავლდა… მიდგომა კომერციულია – მთავარია აშენდეს თბილისის ძვირად ღირებულ ადგილებზე – ეს დანაშაულია! განსაკუთრებით შემაძრწუნებელია ის უპატიებელი დანაშაული, რომ ერთი კორპუსის ბინების გამჭვირვალე ფანჯრები მეორე კორპუსის ბინების გამჭვირვალე ფანჯრებს ესაზღვრება, რითაც საშინლად ილახება მობინადრეების პირადი უფლებები!
ქართველ კოლეგა-არქიტექტორებთან საუბრის თემატიკა ყოველთვის არის თბილისი, სრულიად საქართველო და ყველაფერი მასთან დაკავშირებული – არქიტექტურა, ბუნება, ადამიანები, მოგონებები, ისტორია, ისტორიული ძეგლები…. რამდენიმე წლის წინ პროტესტითაც კი მივმართე თანაკურსელ მეგობრებს და კოლეგა – არქიტექტორებს, რატომ არ იღებენ ხმას თბილისის ასეთი უხეში დამახინჯების გამო, რატომ იკარგება უმშვენიერესი სკვერები. უწინ თბილისი მწვანე იყო, ისტორიული და კულტურული ძეგლები ლამაზად ჩანდნენ, ახლა მათ მაღალი შენობები ჩრდილავენ… სამწუხაროდ, მათი პასუხი ასეთი იყო: ჩვენ არავინ გვეკითხება, პროტესტს აზრი არ აქვსო. ამტკიცებენ და აშენებენ, როგორც უღირთო… ამაზეა ნათქვამი: „სადაც არაა მსაჯულება დაცული, იქ მსაჯულიც დაკარგულია“… ვაიმე, ჩემო თბილისო… რა ლამაზი, კოხტა და წკრიალა დაგტოვე რამდენიმე ათეული წლის წინ…
მე, როგორც თბილისის (70-იან წლებში) პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტის ყოფილი სტუდენტი, შემდეგ ისრაელის ქალაქ ხაიფის არქიტექტორი, კარგად ვხედავ, ქალაქის ხელმძღვანელობის უდიერ დამოკიდებულებას დედაქალაქის იერსახისადმი.
ჩემი აზრი ასეთია: ამა თუ იმ ნაგებობის მშენებლობის დაწყებამდე გასათვალისწინებელია არქიტექტორთა კავშირის დამოკიდებულება პროექტის მიმართ, მათ მიერ შეთავაზებული ცვლილებები, რეკომენდაცია და რაც მთავარია, პროექტზე საბოლოო თანხმობა. მნიშვნელოვანი და ისტორიული პროექტები უნდა განიხილებოდეს და მტკიცდებოდეს უზენაეს საპროექტო კომისიაზე, რომლის წევრებიც იქნებიან ცნობილი არქიტექტორები, ქალაქების მთავარი ინჟინრები, მთავრობის წევრები.
დამტკიცებამდე პროექტი უნდა გამოქვეყნდეს პრესაში, რომ მოსახლეობამაც გამოთქვას აზრი, მათაც ჰქონდეთ პროექტში ცვლილებების შეტანის უფლება. მხოლოდ ასეთი პროცედურის გავლის შემდეგ უნდა ჰქონდეს უფლება კომისიას, ისტორიული მნიშვნელობის ნაკრძალ ადგილებზე არ დაამტკიცოს სამშენებლო პროექტები. თუ ეს ასე არ მოხდება, მაშინ მოსახლეობის, არქიტექტორების, ნაკრძალებისა და ბუნების დამცავი ორგანიზაციების მოვალეობაა, წინ აღუდგნენ მსგავს დანაშაულს და ხელი შეუშალონ ასეთი პროექტების განხორციელებას.
იმედი მაქვს, მომავალში საქართველოს ქალაქებში, რომლის უმრავლესობასაც ვიცნობ, ყურადღებით მოეკიდებიან ამ საკითხს. აქვე მინდა აღვნიშნო, მთავრობამ და ქალაქების ადგილობრივმა გამგებლობამ სასწრაფოდ საჭირო ზომები მიიღოს ავარიული ისტორიული და არაისტორიული მნიშვნელობის შენობების გასამაგრებლად, ისტორიული მნიშვნელობის შენობების რესტავრაცია აუცილებელია.
ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ საშუალო ზომის მიწისძვრაც კი საქართველოში გამოიწვევს შენობების დაახლოებით 30% -ის ნგრევას და 30%-ის დაზიანებას. მათი შემდგომი ექსპლოატაცია დაუშვებელი იქნება, წარმოიდგინეთ ასეთი კატასტროფის შედეგები – მსხვერპლი, ეკონომიკის ნგრევა, ტურიზმის შეწყვეტა, განათლების სისტემის დამუხრუჭება”.

ავტორი:თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარი