10 სატრანსპორტო დერეფანი და 24-მეტრიანი ავტობუსები – თბილისის სამარშრუტო სქემის დეტალები

10 სატრანსპორტო დერეფანი და 24-მეტრიანი ავტობუსები – თბილისის სამარშრუტო სქემის დეტალები

336
გაზიარება

ფრანგული კომპანია „სისტრა“ თბილისის მერიას  2 თვეში წარუდგენს ავტობუსების ახალ სამარშრუტო სქემას, რომლის ეტაპობრივ განხორციელებას დაახლოებით 1 წელი  დასჭირდება.
„სისტრამ“ ახალი სამარშრუტო სქემის კვლევა, თბილისის მერიისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ერთობლივი დაფინანსებით,  გასული წლის გაზაფხულზე დაიწყო. დღეისათვის უკვე შესწავლილია თბილისის თითოეული უბნიდან მგზავრთა გადაადგილების ძირითადი მიმართულებები. ამჟამად, მასზე დაყრდნობით, არსებული მარშრუტების დახვეწასა და ახალი მარშრუტების განსაზღვრაზე მიმდინარეობს მუშაობა.
გეგმის თანახმად, ახალი სამარშრუტო სქემა იმგვარად ჩამოყალიბდება, რომ ავტობუსებმა, მიკროავტობუსებმა და მეტროპოლიტენმა ერთმანეთთან სინქრონიზებულად იმუშაონ. ეს ერთი ტრანსპორტიდან მეორეზე მგზავრის შეუფერხებელ და კომფორტულ გადაჯდომას უზრუნველყოფს და  დანიშნულების ადგილამდე გადაადგილების დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
ამავდროულად, მგზავრთა ნაკადიდან გამომდინარე, თითოეული მარშრუტისთვის განისაზღვრება დასანიშნი ავტობუსების ტიპი, რაოდენობა და  მოძრაობის გრაფიკი. ამჟამად მუშავდება თბილისის გარეუბნებიდან ცენტრის მიმართულებით, დაახლოებით 10 სატრანსპორტო დერეფნის მოწყობის პროექტი, სადაც 24-მეტრიანი ავტობუსების დანიშვნა იქნება შესაძლებელი.  ასევე, მგზავრთა გადაადგილების რაოდენობისა და ქუჩების პარამეტრების მიხედვით განისაზღვრება მარშრუტები, რომლებზეც 18, 12, 10 და 8-მეტრიანი ავტობუსები გადანაწილდება.
„სისტრას“ მიერ დამუშავებული სამასშრუტო სქემა ეტაპობრივად, დედაქალაქში ახალი ავტობუსების შემოსვლის პარალელურად ამოქმედდება.

კომენტარი