ქალაქი დაემსგავსა ბეტონით აგებულ გაუვალ ჯუნგლებს – ივანე ჯაფარიძე

ქალაქი დაემსგავსა ბეტონით აგებულ გაუვალ ჯუნგლებს – ივანე ჯაფარიძე

971
გაზიარება

რთული შეკითხვაა, თუ რა მომწონს დღეს თბილისში. პიროვნებას, რომელსაც ნახევარი საუკუნის წინანდელი თბილისი ახსოვს და ერთხელ მაინც გადმოუხედავს წყნეთის გზიდან, თვალი შეუვლია მამადავითიდან ჩვენი დედაქალაქისთვის, არ შეიძლება გული არ ეტკინოს იმ სიმახინჯეების შეხედვისას, რასაც დღეს თბილისში ვხედავთ.
რა უნდა მოეწონოს დღეს თბილისში ადამიანს, რომელსაც ამ ქალაქში 50, 60, 70 წელი უცხოვრია?! რა თქმა უნდა, კარგია ძველი შენობების რეაბილიტაცია, თუმცა ბოლო 20 წლის განმავლობაში, რაც თბილისში შენდება, ეს არის – მდაბიოობის, სიხარბისა და დანაშაულებრივი ქმედებების უტყვი მოწმე. ქალაქი დაემსგავდა ბეტონით აგებულ გაუვალ ჯუნგლებს.
ბევრი რამ არ მოგვწონდა საბჭოთა კავშირის პერიოდში, თუმცა კომუნისტებს ჰქონდათ ბევრი კარგი რაღაც, რაც უნდა გადმოგვეღო და გაგვეთვალისწინებინა. მაგალითისთვის მოვიყვან ძველ პერიოდში აშენებულ კორპუსებს, რომელთა შორის დაშორება მინიმუმ 10 მეტრი იყო, ხოლო დღეს ცეცხლი რომ წაგეკიდოს და იწვოდე, ვერც სასწრაფო მოვა, ვერც სახანძრო მანქანა.
რას ჰგავს ქალაქი? ყველაფერი დაამახინჯეს, უამრავ ფულს შოულობენ და მოსწრებაზე არიან, სად რა ააშენონ, სად დააბანდონ ეს ფული და იქედან კიდევ მოგება მიიღონ.
თბილისი ოდითგან რითი იყო ცნობილი? რით ახდენდა შთაბეჭდილებას ჩამოსულ სტუმრებზე? – ეს იყო სწორედ 4-5-სართულიანი სახლები. იმ პერიოდისთვის თბილისში ყველაზე დიდი შენობა გმირთა მოედანზე არსებული 11-სართულიანი კორპუსი იყო.  მასაც თავისი დატვირთვა ჰქონდა, რადგან ის ერთადერთი იყო საქართველოში.
თბილისში ცათამბჯენების აშენება არ შეიძლება, რადგან საქართველო სეისმური ზონაა. ღმერთს ვთხოვ, არ მოხდეს ძლიერი მიწისძვრა, თორემ ნახევარი თბილისი აღარ იქნება. დღეს, სამწუხაროდ, აღარ არსებობს გეოლოგიური დასკვნები, ადრე კი ერთ ბოძს ვერ დაარჭობდით მიწაში, თუ გეოლოგიური დასკვნა არ გეჭირა ხელში.
წლების წინ, როდესაც სააკაშვილი აეროპორტს აშენებდა თბილისში და ამბობდა, რომ ის უნდა გამხდარიყო საერთაშორისო აეროპორტი, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ჰკითხა, ვინ გააკეთებდა გეოლოგიურ დასკვნას, ყოფილი პრეზიდენტის პასუხი კი ასეთი იყო, რომ თურქეთიდან ჩამოიყვანდა შესაბამის ექსპერტებს. ეს იყო ის, რამაც გული ძალიან დამწყვიტა, რადგან თურქეთში გეოლოგიური სკოლა ქართველებმა შექმნეს.
თბილისს უწინ თავისი პეწი ჰქონდა. წარმოუდგენელი იყო, პლეხანოვზე, რუსთაველზე არ გაგესეირნა, დღეს ეს შეუძლებელია. ქართული ლაპარაკი აღარ გესმის, ხალხი აჯაჯულ-დაჯაჯული დადის, რაც ესთეტიკურად ძალიან ულამაზოა. რაინდულ თბილისში მიცხოვრია და დღეს სად გაქრა ეს ყველაფერი?! ადამიანებს მომღიმარი სახეები ჰქონდათ, ახლა ყველა გიბღვერს. ქუჩაში ბილწსიტყვაობენ, ერთმანეთს აგინებენ… წლების წინ თბილისს ნამდვილად ჰყავდა კოლორიტი ადამიანები, დღეს ვის ვეძახით კოლორიტებს – ქურდებსა და ძველ ბიჭებს?!
ქუჩებში ულამაზესი გოგო-ბიჭები დადიოდნენ, რომლებსაც ჰქონდათ განსაკუთრებული და გამორჩეული ინტელექტის მაღალი დონე. დღეს მაკიაჟსა და პარფიუმერიას დიდ ყურადღებას აქცევენ ახალგაზრდებში, თუმცა საკმარისია ხმა ამოიღონ და… გონივრულს ვერაფერს იტყვიან. აღარ არის განათლება და წიგნიერება, რაც აისახება მოზარდ თაობაში.
ივანე ჯავახიშვილი და აკაკი შანიძე უნივერსიტეტს რომ მიუახლოვდებოდნენ, ქუდს იხდიდნენ და ისე შედიოდნენ ეზოში. დღეს უნივერსიტეტის ეზოში და მის შემოგარენში ახალგაზრდები ლაზღანდარობენ და არ სცემენ პატივს დიად შენობას. არ ვამბობ, რომ ყველაფერი დაიღუპა თბილისში, მაგრამ ბევრი რამ წაიშალა და განადგურდა. რუსთაველიდან რომ მთაწმინდა აღარ ჩანს, ესეც ხომ კატასტროფაა.
მინდა, დედაქალაქში შენარჩუნდეს სიძველე, რაც მას გამოარჩევს საქართველოს სხვა ქალაქებისგან.

მოამზადა ნათია კოსტავამ

კომენტარი