თბილისი ბევრად მწვანე და ლამაზი მახსოვს – ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი

თბილისი ბევრად მწვანე და ლამაზი მახსოვს – ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი

423
გაზიარება

ბავშვობიდან ყოველთვის მინდოდა დიდ ქალაქში მეცხოვრა. როდესაც თბილისში ჩამოვდიოდი, ვფიქრობდი, რომ როგორც იქნა ოცნება ავისრულე, თუმცა აქ სულ სხვა სიტუაცია დამხვდა. ეს ქალაქი არც თუ ისე დიდია, როგორც წარმომედგინა, აქ ყველა ერთმანეთს იცნობს, რუსთაველზე გასეირნებისას შესაძლოა უამრავი ნაცნობი, მეგობარი ან ახლობელი შეგხვდეს, თუმცა, მივხვდი, რომ ძალიან მომწონს ეს ყველაფერი და სიამოვნებით ვიცხოვრებ საქართველოს დედაქალაქში.
მე მომწონს თბილისის უნიკალურობა სხვადასხვა თვალსაზრისით. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, კულტურული მემკვიდრეობა, არქიტექტურა, რომელიც ავთენტურია დედაქალაქისთვის. ძალიან მომწონს ქალაქის მთაგორიანი რელიეფი. სულ გაქვს შეგრძნება, რომ ბუნებასთან საკმაოდ ახლოს ხარ. ბოლო წლების განმავლობაში განაშენიანდა ქედები, თუმცა მაინც გაქვს იმის შეგრძნება, რომ ბუნების ნაწილი ხარ.
თბილისში ჯერ კიდევ არის შემორჩენილი ადგილები, სადაც უზარმაზარი კორპუსები არ არის წამოჭიმული. ადამიანზე მორგებულ ტერიტორიებსაც შევხვდებით ქალაქში, რომლებიც მწვანე საფარითაა გალამაზებული. საბურთალოზე გავლისას, როდესაც ერთსართულიანი სახლის გვერდით უზარმაზარ კორპუსს ხედავ, გიჩნდება იმის განცდა, რომ წლების წინ ბევრად მწვანე იყო დედაქალაქი, სადაც ადამიანური გარემო შეიმჩნეოდა, თუმცა დღეს ასე აღარ არის.
ადამიანურ საჭირობებზე ნაკლებადაა გათვლილი თბილისი, რასაც მოწმობს გაუმართავი სატრანპორტო სისტემა. ცუდადაა მოწყობილი გზები – ავტომობილს აქვს ყველანაირი პრივილეგია. თითქმის შეუძლებელია თავისუფლად გადაადგილდებოდე ფეხითა და ველოსიპედით. გმირთა მოედნის გამო საბურთალო პრაქტიკულად ვერას მოწყვეტილია ფეხითმოსიარულეებისა და ველოსიპედისტებისთვის.
ყველა ადამიანს აქვს უფლება ქალაქში გადაადგილდებოდეს თავისუფლად და უსაფრთხოდ. თუ რეალურად შევხედავთ აღნიშნულ საკითხს, ეს უფლება ძალიან ცოტა ადამიანზე ვრცელდება. მართალია, ზოგი ჯგუფი უფრო მოწყვლადია, ვიდრე დანარჩენები, მაგრამ ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს ქალაქში ნორმალურად და უსაფრთხოდ მოძრაობის საშუალება, იქნება ეს ველოსიპედით თუ ფეხით გადაადგილება.
სასარგებლო გარემო არ არის თბილისში მისივე მოსახლეობისთვის. ჯანმრთელობისთვის არც თუ ისე კარგია მაღალ სართულზე ცხოვრება და ისეთი ჰაერის სუნთქვა, რომელიც გამონაბოლქვითაა გაჯერებული. ეს ადამიანებისთვის ბუნებრივი გარემო არ არის.
ადამიანები, რომლებიც თბილისში ცხოვრობენ, ვალდებულნი არიან უკეთესობისკენ შეცვალონ ქალაქი, იქნება ეს კულტურული თუ მენტალური მხარე. უნდა ვიფიქროთ მოწყვლად ჯგუფებზე – მოხუცებზე, ბავშვებზე, რომ მათი ცხოვრება ბევრად კარგი გახდეს, ვიდრე აქამდე.

მოამზადა ნათია კოსტავამ

კომენტარი