ბაზრობა თბილისის სტანდარტებს მიღმა – მერიის პატი ელიავას ბაზრობის მეწილეებს

ბაზრობა თბილისის სტანდარტებს მიღმა – მერიის პატი ელიავას ბაზრობის მეწილეებს

512
გაზიარება

სად გადავა და როდის? – შეიძლება ითქვას, რომ ელიავას ბაზრობასთან მიმართებით მხოლოდ ამ კითხვაზე დარჩა პასუხი გაუცემელი. ის, რომ ელიავას ბაზრობა არსებულ მისამართზე ამჟამინდელი ფორმით ფუნქციონირებას ვეღარ გააგრძელებს, ფაქტობრივად გადაწყვეტილია.
„დღევანდელი თბილისი აღარ არის ელიავას ბაზრობის სტანდარტი, შესაბამისად, უნდა გავაუმჯობესოთ. რახან ეს საკუთარი ნებით აქამდე არ მოხდა, ამას მერია გააკეთებს და თავის სათქმელს იტყვის. არ არის ჩვენი სამიზნე ის, რომ ვიღაცამ პროდუქცია ვერ გაყიდოს, მაგრამ დავუდგენთ პროდუქციის განთავსების და ტრანსპორტირების წესებს” – აცხადებს თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძე.
თითქმის ანალოგიური შინაარსის განცხადება გააკეთა ქალაქის მერმაც. მკაფიოდ ითქვა, რომ ის, რაც ელიავას ბაზრობაზე და მის მიმდებარე ტერიტორიებზე ხდება ქალაქის ხელმძღვანელობისთვის მიუღებელია. ითქვა ისიც, რომ  სამშენებლო მასალების, მეორადი საბურავების, ჰაერში ამტვერებადი მასალების, ფეთქებადი და საშიში ნივთიერებების რეალიზების და განთავსების წესების გამკაცრება ქალაქში ახალი ეკოლოგიური ნორმების დამკვიდრებას ემსახურება და ამ ნორმებს ელიავას ბაზრობა ვერ აკმაყოფილებს. სპეციალისტების შეფასებით, ეს არის ერთგვარი შეფარული ულტიმატუმი ქალაქის ხელმძღვანელობის მხრიდან. სპეციალისტების განმარტებით, ნათელია, რომ ახალი რეგულაციების პირობებში ელიავას ბაზრობის მოვაჭრეთა დიდი  ნაწილი საქმიანობას ვეღარ შეძლებს. შექმნილ სიტუაციაში, ბაზრობის მფლობელები მოიჯარეთა დიდ ნაწილს დაკარგავენ, შესაბამისად დაკარგავენ შემოსავლებს. ამ პირობებში ელიავას ბაზრობის მესაკუთრენი  იძულებულები ხდებიან მერიის პირობებს  და ბაზრობის გადატანას დათანხმდნენ, აცხადებენ სპეციალისტები.
თუ  ვაკის პარკში  და თაბორის მთაზე მშენებარე სასტუმროებთან დაკავშირებულ პერიპეტიებს გავითვალისწინებთ,  დიდი ალბათობით, ელიავას ბაზრობის შემთხვევაშიც მოვლენები სწორედ ამ სცენარით განვითარდება და მერიის მხრიდან რაიმე მნიშვნელოვან კომპრომისს არ უნდა ველოდოთ. როგორც ერთ ასევე მეორე შემთხვევაში აღნიშნული ობიექტების მფლობელები ადგილმონაცვლეობას დათანხმდნენ.  დიდი ალბათობით, ასე იქნება ელიავას ბაზრობის შემთხვევაშიც. ელიავას ბაზრობის არსებული ფორმით შენარჩუნება წინააღმდეგობაშია თბილისის გენერალურ გეგმასთანაც, რომელსაც თბილისის საკრებულო უახლოეს დღეებში დაამტკიცებს. კანონი, ქალაქის ინტერესები და საზოგადოებრივი აზრი ამ შემთხვევაში მერიის მხარესაა.

კომენტარი