მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დამტკიცდა – თბილისმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო

მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დამტკიცდა – თბილისმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო

3355
გაზიარება

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დამტკიცდა. 3-წლიანი მუშაობის შემდეგ საკრებულომ ის საბოლოოდ განიხილა და 37 ხმით 4-ის წინააღმდეგ კენჭი უყარა. ამიერიდან ის იქნება თბილისის მთვარი დოკუმენტი, რომელიც მომავალი 10 წლის მანძილზე დედაქალაქის განვითარებას განსაზღვრავს. გენგეგმასთან დაკავშირებული ხმაურიანი პერიპეტიები უკვე უკან მოვიტოვეთ. თუ არ გავითვალისწინებთ იმ პოლიტიკურ სპეკულაციებს, რომლებიც ასეთ მასშტაბურ და მნიშვნელოვან საკითხს ყოველთვის თან ახლავს, განახლებული გენგეგმა საყოველთაო მოწონებისა და თანხმობის შედეგად მივიღეთ. მწვანე, შეკავშირებული, კომპაქტური და მედეგი ქალაქი – ასეთია გენგეგმის 4 მთავარი კონცეფცია, რომლის დაცვაც, ალბათ, თბილისის თითოეულ მაცხოვრებელს მართებს. ასე რომ, ამით არაფერი დასრულებულა, ყველაფერი ახლა იწყება და მთავარი ბრძოლაც წინ არის: როგორ შეძლებს ქალაქი, მიჰყვეს გენერალურ გეგმას, წარსულს ჩააბაროს ქაოსური განაშენიანება, მოუწესრიგებელი სატრანსპორტო ქსელი, გამწვანებული სივრცეების ნაკლებობა, დამაზიანებელი ცენტრალიზაცია თუ სხვა მწვავე პრობლემა და გახდეს უკეთესი, ადამიანებზე მორგებული ქალაქი.
მიუხედავად იმისა, რომ “სითი ინსტიტუტი საქართველოს” მიერ შემუშავებული გენგეგმა ძალაში ახლა შევიდა, დოკუმენტით გათვალისწინებულ რეკომენდაციებსა და პროექტებზე მუშაობა მერიამ რამდენიმე თვეა, დაიწყო. ახალი საქალაქო პარკი თემქის ხევში, საპარკო ზონები დიღმის ჭალებში, რეკრეაციული სივრცე სანაპიროზე, მიწისზედა მეტრო, ველობილიკები – ეს იმ ამბიციური პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც თბილისს გენგეგმამ დაუბრუნა.
როგორც ქალაქის მერმა, კახა კალაძემ დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, სწორედ გენგეგმა არის ის ათვლის წერტილი, საიდანაც თბილისის განვითარების ახალი გზა იწყება.
“თბილისის  მიწათმოწყობის  გენერალურ  გეგმაზე  ჩვენ  ყველა  ერთად  ვმუშაობდით – უშუალოდ ავტორები, დარგის სპეციალისტები, მუნიციპალური სამსახურები, საკრებულოს წევრები, რისთვისაც თითოეულ მათგანს მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. გავა დრო და თბილისი აუცილებლად იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქი, რომელშიც მოგვარებული იქნება განაშენიანების, ეკოლოგიის, ტრანსპორტის საკითხები, იქნება მაღალი ეკონომიკური აქტივობა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანებისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნას.”- განაცხადა კალაძემ.
45491633_2392503630971206_1239243050107011072_nროგორც “სითი ინსტიტუტი საქართველოს” დირექტორი მამუკა სალუქვაძე “სითი კვირასთან” საუბრისას განმარტავს, ქალაქი დიდი ხანია, ამ დღეს ელოდებოდა. ამ დოკუმენტის წყალობით, თბილისის ხელმძღვანელობა ქალაქის სწორად განსავითარებლად საჭირო ოპერირებას შეძლებს.
“ეს დღეც დადგა. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომელზეც 3 წელზე მეტ ხანს ვმუშაობდით, დამტკიცებულია. ამიერიდან მერია გარკვეულ სიტუაციებში თავისი პოზიციის დაფიქსირებას უფრო მყარად შეძლებს. ფაქტობრივად, ქალაქის ხელმძღვანელობა ამას უკვე აკეთებს. სწორედ ამის მაგალითია თაბორის მთაზე სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, ასევე, ვაკის პარკის შემთხვევა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, საბურთალოზე, იპოდრომთან არსებული, ყოფილი კორტების ტერიტორიაზე დაგეგმილი მშენებლობის საკითხი. ეს ის ობიექტებია, სადაც შესაბამისი ნებართვები არსებობდა და მშენებლობაც, პრაქტიკულად, შესაძლებელი იყო, თუმცა მერიამ უარი თქვა ამ მშენებლობებზე სწორედ იმ ხედვებიდან გამომდინარე, რომლებიც გენგეგმაშია.”- აცხადებს მამუკა სალუქვაძე და აღნიშნავს, რომ  იმ მძიმე, სტატიკური მდგომარეობიდან, რომელშიც ქალაქი იმყოფებოდა, უკვე გამოსვლა უნდა დავიწყოთ.
მისივე შეფასებით, ეს დოკუმენტი, ბუნებრივია, თავიდან ბოლომდე გადატრიალებას ვერ მოახდენს, რადგან ძალიან რთულია უკან მიბრუნება და იმ ყველაფრის გამოსწორება, რაც გაფუჭდა, თუმცა გენერალური გეგმა მომავალზე გათვლილი დოკუმენტია, რომლის მთავარი მიზანიც ახალი შეცდომების არდაშვება და სწორი მიმართულებით სიარულია.
“სითი ინსტიტუტი საქართველოს” დირექტორის აზრით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც გენგეგმამ მოიტანა, მენტალიტეტის ცვლილებაა. მოქალაქეები დედაქალაქის ხელმძღვანელობისგან უფრო და უფრო მეტს ითხოვენ.
“ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ამდენი წლის მანძილზე მხარში ედგა არა “სითი ინსტიტუტი საქართველოს”, არამედ გენგეგმის მნიშვნელობიდან გამომდინარე, თავად ამ საქმეს. პირველ რიგში, დიდი მადლობა ყველა მედიასაშულების ჟურნალისტებს, რომლებიც პირველი დღიდან ბოლო დღემდე დეტალურად აშუქებდნენ გენგეგმასთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებას, პრინციპსა და მიდგომას. მინდა, ასევე, მადლობა ვუთხრა როგორც უმრავლესობის, ასევე უმცირესობის წევრებს საკრებულოში.”- აცხადებს მამუკა სალუქვაძე.

კომენტარი