გრძელდება თუ არა კუს ტბის მიმდებარედ უკანონო მშენებლობა – რას აცხადებენ მერიაში?

გრძელდება თუ არა კუს ტბის მიმდებარედ უკანონო მშენებლობა – რას აცხადებენ მერიაში?

274
გაზიარება

კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, რესტორან “ოტიუმთან” უკანონოდ დაწყებული მშენებლობა, რომელიც რამდენიმე თვის წინ შეჩერდა, არ გრძელდება და დღესდღეობით იქ მიმდინარე სამუშაოები ამოღებული კატლავანის ამოვსებას ემსახურება.
როგორც “სითი კვირას” თბილისის  მუნიციპალური ინსპექციაში განუცხადეს, მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით, მერია საქმის კურსშია. მალე ტერიტორია პირვანდელ სახეს დაუბრუნდება და შემდგომ ღობესაც მოხსნიან.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე უაკანონო მშენებლობა გასული წლის აგვისტოში დაიწყო, თუმცა ინსპექციამ ინვესტორს სამშენებლო პროცესის გაგრძელების ნებართვა არ მისცა.
“ზედამხედველობის სამსახურში შემოვიდა ზარი მშნებლობასთან დაკავშირებით კუს ტბის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ, რესტორან “ოტიუმთან”. სამშენებლო სამუშაოები, ძირითადად, საძირკვლის ამოთხრას მოიცავდა და მასზე რეაგირება მაშინვე მოხდა.”- განაცხადა მაშინ თბილისის მერმა, კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ მისთვის და მისი გუნდისთვის ამ ლოკაციაზე მშენებლობა კატეგორიულად მიუღებელია და ნებართვა, რომელიც ადრე სასტუმრო კომპლექსის ასაშენებლად გაიცა, ქალაქის ახალმა ხელისუფლებამ შეაჩერა.
რაც შეეხება ამ მშენებლობის ისტორიას, ის ასეთია👇


ყველაფერი 2002 წლის 20 მაისს დაიწყო. თბილისის მერიის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების სამსახურმა ჭავჭავაძის გამზირიდან კუს ტბისკენ მიმავალი გზის მიმდებარედ, ქანობიან რელიეფზე, შპს „არმლენდერ ასოშიეტსი“-ის საკუთრებაში არსებულ 6000 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთზე, საჩოგბურთო სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობის მიზნით, არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება გასცა. პროცესი „არმლენდერ ასოშიეტსისთვის“ სამწუხაროდ წარიმართა და 2003 წლის აგვისტოს თბილისის არქიტექტურის საქალაქო სამსახურმა არ დააკმაყოფილა მესაკუთრის მოთხოვნა პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე.

საქმე სასამართლოში გაგრძელდა. ვითარება ამჯერად “არმლენდერ ასოშიეტსისთვის“ სასარგებლოდ წარიმართა და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპანიის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შედეგად, თბილისის არქიტექტურის საქალაქო სამსახურს პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა დაევალა. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში, თბილისის მთავარი არქიტექტორის 2003 წლის 24 ნოემბრის ბრძანებით, კომპლექსის არქიტექტურული პროექტი შეთანხმდა.

10 წლის მანძილზე, პროქტის მხრივ, სიახლე არ ყოფილა. 2014 წელს, თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანებით,  „არმლენდერ ასოშიეტსის“  წარმომადგენელს ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა, თუმცა არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2016 წლის 30 ნოემბრის ბრძანებით, ზემოხსენებული ბრძანება გაბათილდა.

ასე რომ, პროცესი ისევ წრეზე დატრიალდა. იმავე წლის 6 დეკემბერს ისევ არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანებით, დაკმაყოფილდა შპს „არმლენდერ ასოშიეტსი“-ის განცხადება და ქალაქ თბილისის მთავარი არქიტექტორის 2003 წლის ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე, შპს „არმლენდერ ასოშიეტსი“-ის ამჟამინდელი საკუთრების ნაწილში (2280 კვ.მ.) მშენებლობის ნებრთვა და სანებართვო მოწმობა გაიცა.

პროცესი დასასრულისკენ 2018 წელს თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის ბრძანებამ წაიყვანა, რომელმაც არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ზემოხსენებული ბრძანებები (2016 წლის 30 ნოემბრის და 2016 წლის 6 დეკემბრის) გააბათილა. რაც შეეხება საქმის დასრულებას, ბოლო შტრიხები თბილისის საქალაქო სასამართლომ შეიტანა, რომელმაც არ დააკმაყოფილა შპს „არმლენდერ ასოშიეტსი“-ის სარჩელი მერის პირველი მოადგილის ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე.

კომენტარი