სამშენებლო ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების წესი იცვლება – რა საფრთხეებზე საუბრობენ დეველოპერები?

სამშენებლო ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების წესი იცვლება – რა საფრთხეებზე საუბრობენ დეველოპერები?

393
გაზიარება

ახლო მომავალში თბილისში ახალი რეგულაციები ამოქმედდება, რომლებიც მშენებარე კორპუსების უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესს განსაზღვრავს. როგორც თბილისის მერმა განაცხადა, ახალი რეგულაციების დეტალები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
„ადამიანებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ისეთ შენობა-ნაგებობებში ეცხოვრათ, რომლებიც ექსპლუატაციაში არ იყო მიღებული, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. გამოცდილებამ აჩვენა, რომ ამ მიმართულებით წესების გადახედვა და დახვეწაა საჭირო. სწორედ ამიტომ შევუდექით მუშაობას და შევიმუშავეთ კონცეფცია, როგორც ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებასთან, ისე მის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. უახლოეს მომავალში ვაპირებ, საზოგადოებას სრული ინფორმაცია მივაწოდო იმ ცვლილებების და გადაწყვეტილებების შესახებ, რომლებიც მუნიციპალიტეტმა მიიღო“ – აცხადებს კალაძე.
სამშენებლო სამართლის სპეციალისტის, უჩა ზაქაშვილის მოსაზრებით, დღეს მოქმედი რეგულაციები, მათ შორის, მშენებარე ობიექტების ექსპულატაციაში მიღების წესი და უსაფრთხოების ნორმებიც დასახვეწია, თუმცა როგორ აპირებს ამას მერია და ვისი რეკომენდაციების მიხედვით ჩამოყალიბდება კონცეფცია,  რომელზეც კალაძე საუბრობს, მისთვის უცნობია. ზაქაშვილის განმარტებით, აუცილებელია, მოხდეს მშენებარე ობიექტების ფუნქციონალური შემოწმება და ეს  მერიის შესაბამისმა სამსახურებმა ან  კვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტებულმა კომისიამ გააკეთოს.   ზაქაშვილის თქმით, ვიდრე ობიექტი ექსპლუატაციაში შევა, უნდა დადგინდეს, რამდენად სწორად და გამართულად არის დაერთებული ის წყალმომარაგების, გაზის და  ელექტრომომარაგების სისტემებთან, დადგინდეს, დაცულია თუ არა სახანძრო უსაფრთხოების ნორმები და ასე შემდეგ.
როგორც ზაქაშვილი აცხადებს,  იმ კორპუსებსა  და ობიექტებს, სადაც ხალხი უკვე  ცხოვრობს, მერიამ თავი უნდა დაანებოს, თორემ შესაძლოა ეს სოციალური უკმაყოფილების მიზეზი გახდეს. ზაქაშვილის მოსაზრებით, ახალმა  რეგულაციებმა სამშენებლო ბიზნესს შესაძლოა გარკვეული პრობლემები შეუქმნას.  მაგალითად, გაიზარდოს კადრატული მეტრის ფასი და შესაბამისად, შემცირდეს გაყიდვები. დაახლოებით, ანალოგიური პოზიცია აქვს დეველოპერების ნაწილსაც.  მათი აზრით, დეველოპერი ვერაფრით გააკონტროლებს ობიექტზე მოსახლე საცხოვრებლად შევა თუ რემონტს დაიწყებს, ეს მათი საკუთრების უფლებაა და ამ შემთხვევაში, დეველოპერის დაჯარიმება სწორი არ იქნება. დეველოპერების მოსაზრებით, კარგი იქნება თუ ამ კონცეფციის მომზადებაში დეველოპერებიც ჩაერთვებიან.

კომენტარი