პრიორიტეტი ავტობუსებს, მიკროავტობუსები შიდა უბნებში – ახალი სატრანსპორტო კონცეფცია

პრიორიტეტი ავტობუსებს, მიკროავტობუსები შიდა უბნებში – ახალი სატრანსპორტო კონცეფცია

225
გაზიარება

უახლოეს მომავალში, დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ეტაპობრივად, ახალ სატრანსპორტო ქსელზე გადავა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში, ვიდეოდიალოგის ფორმატში დედაქალაქის მერმა და ვიცე-მერმა ისაუბრეს.
კახა კალაძის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების პროცესი უკვე დაწყებულია და 2019 წლის ბოლოსთვის ყვითელი ავტობუსები მთლიანად ჩანაცვლდება. მისივე თქმით, არასახარბიელოა მიკროავტობუსების მდგომარეობაც.
„კვლევას ატარებს ფრანგული კომპანია „სისტრა“ და გაზაფხულზე იქნება ზუსტი მონაცემები, თუ როგორ იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და როგორ იქნება ერთმანეთის კვეთაში მეტრო, ავტობუსები და მიკროავტობუსები. თუ ჩვენ კვლევა გვეტყვის, რომ მიკროავტობუსებიც აუცილებელია ქალაქისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან იქნება მოთხოვნა, რომ ისინი განახლდეს და ჩანაცვლდეს ახალი ტრანსპორტით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
როგორც თბილისის ვიცე-მერმა განაცხადა, უნდა გაიზარდოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით დაფარვის არეალები.
“საზოგადოებრივი ტრანსპორტით დაფარვის არეალები კიდევ ბევრი გვაქვს ქალაქში. ამ დროს, ცენტრალურ ქუჩებზე ერთმანეთის კონკურენციაში არიან მიკროავტობუსები და ავტობუსები. ჩვენი კვლევის ერთ-ერთი მიზანია, რომ მოხდეს ქსელის ოპტიმიზაცია და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელი იყოს აგებული არა კომერციულ ინტერესზე, არამედ მგზავრის კომფორტზე. ასევე, უფრო მეტად უნდა დაიფაროს დედაქალაქის არეალები საზოგადოებრივი ტრანსპორტით, უფრო ოპტიმალური მარშრუტები შევთავაზოთ მომხმარებლებს და მეტად იყოს ინტეგრირებული მეტროსთან, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ძირითადი ხერხემალია“, – აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.
მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარების ზრდის მიღწევა შესაძლებელია როგორც სატრანსპორტო ქსელის ოპტიმიზაციით, ისე, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით.
„უახლოეს პერიოდში ქალაქში დაიწყება რეფორმა. ეტაპობრივი გადასვლა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალ ქსელზე. მიკროავტობუსებს, ამ დრომდე არსებული მონაცემებით, რომელსაც გვაწვდის ჩვენი კონტრაქტორი კომპანია, აქვს გარკვეული ადგილი, მაგრამ ძალიან მცირე და ძირითადად, შიდა საუბნო დონეზე. ძირითადი ტრანსპორტი იქნება მუნიციპალიტეტის საკუთრება და ეს იქნება ავტობუსები და მეტრო“, – აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით, იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომლებიც თბილისში ხორციელდება, მაქსიმალურად არის გათვალისწინებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლები.
„ალბათ ხშირია შემთხვევები, როდესაც კერძო ავტომობილით დგახარ საცობში და სპეციალურ ზოლში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება უპრობლემოდ. სწორედ ამისკენაა მიმართული ჩვენი პოლიტიკა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს სწრაფი და კომფორტული“,  – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარი