რეკრეაციული ზონა და სპორტული სივრცე – რისთვის გამოიყენებენ თემქაზე 5000 კვ.მეტრს?

რეკრეაციული ზონა და სპორტული სივრცე – რისთვის გამოიყენებენ თემქაზე 5000 კვ.მეტრს?

202
გაზიარება

ნაძალადევის რაიონში, ზღვის უბნის (თემქის) მე-10 კვარტალში, N22 საბავშვო ბაღის წინ, ავტოსადგომად ქცეულ ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონა და სპორტული სივრცე მოეწყობა. ამის შესახებ ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ხელაძემ თბილისის მერისა და გამგებლების ვიდეოდიალოგის დროს, მოქალაქეების შეკითხვების საპასუხოდ განაცხადა.
„აღნიშნული ტერიტორია ავტოსადგომად არის გადაქცეული. მოსახლეობა ითხოვდა, სარეკრეაციო ზონა აღდგენილიყო. ეს სივრცე რამდენიმე ფუნქციურ ზონად დაიყოფა – მოეწყობა სკვერი ახალი LED განათებებით და სარწყავი სისტემით. ასევე, გაკეთდება კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები ტრიბუნებით. მოსახლეობის მოთხოვნით და მათთან შეთანხმებით, შევინარჩუნებთ საპარკინგე ზონას, რომელიც უფრო კეთილმოწყობილი იქნება. დაახლოებით, 5000 კვადრატულ მეტრ ფართობამდეა აღნიშნული ტერიტორია და თემქაზე, 22-ე საბავშვო ბაღის წინ ძალიან კარგი დასასვენებელი სივრცე იქნება“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
პროექტის განხორციელება შესაბამისი ტენდერის დასრულების შემდეგ დაიწყება. ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობა ბიუჯეტიდან დაახლოებით, 217000 ლარს გამოყოფს.

კომენტარი