საბავშვო ბაღების აღმზრდელები პირველადი სამედიცინო დახმარების კურსს გაივლიან

საბავშვო ბაღების აღმზრდელები პირველადი სამედიცინო დახმარების კურსს გაივლიან

153
გაზიარება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო საბავშვო ბაღების 2 550 აღმზრდელს პირველადი სამედიცინო დახმარების მიმართულებით გადაამზადებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, სასწავლო პროგრამის მიზანს აღსაზრდელების უსაფრთხოება  და ბავშვებთან კონტაქტში მყოფი პერსონალის პასუხისმგებლობის გაზრდა წარმოადგენს.
„ძალიან კარგი სიახლე გვაქვს ბაღის აღსაზრდელთა მშობლებისთვის, რაც საბავშვო ბაღების აღმზრდელების პირველადი სამედიცინო დახმარების მიმართულებით გადამზადებას გულისხმობს. რა თქმა უნდა, ყველა ბაღს ჰყავს ჯანმრთელობის კოორდინატორი, რომელიც შესაბამის პროფესიონალურ ჩარევას უზრუნველყოფს კონკრეტულ სიტუაციებში, თუმცა პირველადი დახმარების გაწევა აბსოლუტურად ყველა აღმზრდელს უნდა შეეძლოს. ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ იმას, რომ ჩვენი პატარები  სრულფასოვან,  უსაფრთხო  გარემოში სწავლობდნენ. ამ მიზნით დაწყებული გვაქვს ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა. დღეისთვის, დედაქალაქის ბაგა-ბაღებში 61 000 აღსაზრდელია, თუმცა მოთხოვნა დიდია და ყოველწლიურად იზრდება. მზარდი მოთხოვნის საპასუხოდ, მომდევნო წლების განმავლობაში, დედაქალაქში დაგეგმილი გვაქვს რამდენიმე ათეული საბავშვო ბაღის მშენებლობა“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
სპეციალური ტრენინგ-კურსის განსახორციელებლად, უკვე გამოცხადებულია ტენდერი. ტენდერის პირობების მიხედვით, აღმზრდელებისთვის შემუშავებული იქნება სასწავლო პროგრამა, რაც თეორიული სწავლებასა და პრაქტიკულ გაკვეთილებს მოიცავს.
ტრენინგის დასრულების შემდეგ, მონაწილეები ტესტირებას გაივლიან და შესაბამის სერტიფიკატებს მიიღებენ. პროექტი საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის N488 დადგენილების შესაბამისად ხორციელდება.

კომენტარი