რევაზ სოხაძე: პროექტები, რომლებიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისის...

რევაზ სოხაძე: პროექტები, რომლებიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისის ისტორიულ ნაწილში განახორციელა დანაშაულია

176
გაზიარება

თბილისის საკრებულოს ურბანული  დაგეგმარებისა და საქალაქო კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე ოპოზიციის მიერ  „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს“ მისამართით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, საბჭო 7 წევრისგან შედგება, რომელშიც   ხელოვნებისა და  არქიტექტურის სფეროს წამყვანი სპეციალისტები მუშაობენ.
„საბჭო არა 6, არამედ 7 წევრისგან შედგება. ოპოზიციონერი დეპუტატი მე და ილია ელოშვილს კომპეტენციას გვიწუნებს და ცდილობს საბჭოს დისკრიმინაციას. ჩვენი ოპონენტები განგებ არ საუბრობენ  იმ ფაქტზე,  რომ კომისიის შემადგენლობაში კულტურის სფეროში ყველაზე ავტორიტეტული ადამიანები მუშაობენ, რომლებიც  ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილისგან  განსხვავებით,  ისტორიულ უბანში მხოლოდ აქციის გასამართად არ დადიან. ისინი მრავალი ათეული წელია ძველი თბილისის პრობლემებით  ცხოვრობენ  და გრაალის მცველებივით არიან. მე მიხარია, რომ მერგო პატივი და  ამ ადამიანების გვერდით ვმუშაობ “- განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ურბანული  დაგეგმარებისა და საქალაქო კომისიის თავმჯდომარის  განცხადებით, ის პროექტები, რომლებიც   წლების წინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“  თბილისის ისტორიულ ნაწილში განახორციელა, საზოგადოებისა და ისტორიის წინაშე დანაშაულია.
„პროექტები, რომლებიც მთავრობაში თქვენი  ყოფნის პერიოდში განხორციელდა, ძალიან ცუდი მემკვიდრეობაა. ე.წ.  რეაბილიტაციის შედეგად, თქვენ   სავალალო მდგომარეობაში ჩააგდეთ თბილისის ისტორიული ნაწილი. იქ  წაშლილია კულტურული მემკვიდრეობის კვალი და ეს არის დანაშაული, რომლის  გამოსწორება ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება“- განაცხადა რევაზ სოხაძემ.

კომენტარი