კალაძე: პირდაპირ ხეობაში იყრება სამშენებლო ნაგავი, უმკაცრესი ზომები იქნება მიღებული

კალაძე: პირდაპირ ხეობაში იყრება სამშენებლო ნაგავი, უმკაცრესი ზომები იქნება მიღებული

161
გაზიარება

დედაქალაქის მერმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა. კახა კალაძე ვერეს ხეობაში იმყოფებოდა, სადაც „თბილსერვის ჯგუფი“ ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ ახალ გზასთან მდებარე ფერდობებს ასუფთავებს. მისი თქმით, ხეობაში სამშენებლო ნაგავია ჩაყრილი, რასაც მუნიციპალური ინსპექცია შეისწავლის. თბილისის მერმა ასევე თხოვნით მიმართა მოსახლეობას- ნუ დააბინძურებენ გარემოს და გაუფრთხილდნენ საკუთარ ქალაქს.
„აქ  ბევრი სამშენებლო ნაგავია, აშენებენ და პირდაპირ ხეობაში იყრება საამშენებლო ნაგავი. უმკაცრესი ზომები იქნება მიღებული ასეთი მშენებლობების მიმართ, რადგან კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გარემოზე ზრუნვა, ეკოლოგია, ეკოლოგიაზე ზრუნვა, მწვანე სივრცეების შექმნა თითოეული ჩვენგანისთვის უმთავრესი პრიორიტეტია. ადგილობრივ მოსახლეობას მინდა ვთხოვო, მაქსიმალურად გაუფრთხილდნენ და არ მოხდეს დაბინძურება-დანაგვიანება, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადმოყრა. ჩვენ ძალიან მალე დავიწყებთ უმნიშვნელოვანეს პროექტს – „გაუფრთხილდი ქალაქს“, რომელშიც, იმედია, ბევრი ახალგაზრდა, ბევრი თბილისელი ჩაერთვება, რათა ჩვენი ქალაქი იყოს ყველაზე სუფთა, მოწესრიგებული და ამ ყველაფერში მე მაქვს თბილისელების მხარდაჭერის ძალიან დიდი იმედი”, – აღნიშნა კახა კალაძემ.
როგორც თბილისის მერმა განაცხადა, აღნიშნული ტერიტორიის დასასუფთავებლად რამდენიმე დღე იქნება საჭირო. მისივე თქმით, ასევე, დასუფთავდება ქალაქის გასასვლელი და შემოსასვლელი ტერიტორია.

კომენტარი