„ბნელით მოცული“ „ღამის ეკონომიკა“ – ვინ დაწერს პროექტის სტრატეგიას, კვლავ გაურკვეველია

„ბნელით მოცული“ „ღამის ეკონომიკა“ – ვინ დაწერს პროექტის სტრატეგიას, კვლავ გაურკვეველია

222
გაზიარება

თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თბილისში ე.წ. ღამის ეკონომიკის განვითარება დაანოსდა და პროექტის ხელძღვანელად ტელეპროდიუსერი და მუსიკოსი სერგი გვარჯალაძე დაინიშნა. თანამდებობაზე დანიშვნიდან ერთი თვის თავზე, სერგი გვარჯალაძემ საზოგადოებას ამცნო, რომ, ფაქტობრივად, ყველა დიდი ქალაქის ღამის ეკონომიკის კონცეფცია შეისწავლეს და პირობა დადო, რომ ეს იქნებოდა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და კრეატიული პროექტი, რომელშიც მონაწილეობა მიუღია. რა ხდება სინამდვილეში? ფაქტია, რომ სტრატეგია, თუ როგორ უნდა განვითარდეს ღამის ეკონომიკა, თბილისში არ არსებობს. ტენდერი, რომელიც გასული წლის სექტემბერში „ღამის ეკონომიკის“ კვლევის მომსახურების შესყიდვაზე გამოცხადდა, ჩაიშალა. ტენდერში მონაწილეობა მაშინ 4-მა კომპანიამ: შპს “კონსალთიმ”, “ერნსტ & იანგიმ”, “ეისითიმ” და შპს “Innova”-მ მიიღო. ტენდერის ჩაშლის მიზეზად ტექნიკურ დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზი დასახელდა. როგორც გაირკვა, ტენდერის ხელმეორედ გამოცხადებას თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური უახლოეს 2-3 კვირაში გეგმავს.
„პირველად კონკურსი გასული წლის ბოლოს გამოვაცხადეთ და, სამწუხაროდ, ჩავარდა, კომპანიებმა გარკვეული მოთხოვნები  და ვალდებულებები ვერ დააკმაყოფილეს. მაგალითად, უცხოეთიდან უნდა მოეწვიათ ექსპერტი, რომელსაც ღამის ეკონომიკაზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება ექნებოდა. ტენდერში მონაწილე ზოგიერთმა კომპანიამ შესაბამისი დოკუმენტაცია ვერ წარადგინა და ასე შემდეგ. ახლახან გვქონდა კომუნიკაცია და ვიცით, რომ ე.წ. დიდი ოთხეული; “კონსალთი”, “ერნსტ & იანგი”, “ეისითი” და  “Innova” მზად არიან კონკურსისთვის. შესაბამისად, გვაქვს იმედი, რომ ამჯერად ინტერესთა გამოხატვა შედგება და გამოვლინდება გამარჯვებული, რომელსაც  ღამის ეკონომიკის სტრატეგიული დოკუმენტის შექმნა დაევალება“ – აცხადებს მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ანდრია ბასილაია.
ბასილაიას თქმით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება, დაახლოებით,  150 000 ლარი იქნება.
ამ ეტაპზე, არსებული მოცემულობით, იმ აქტივობებიდან, რომლებსაც ღამის ეკონომიკა გულისხმობს, თუ არ ჩავთვლით ღამის ეკონომიკის ეგიდით მოწყობილ ფორუმებს და საერთაშორისო ფესტივალს, მხოლოდ ერთის რეალიზება მოხერხდა. საუბარია ე.წ. ღამის ავტობუსზე, რომელიც 00:00-დან 06:00 საათამდე, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“  „ვარკეთილამდე“ გადაადგილდება.
„ღამის ეკონომიკის“ სხვა მნიშვნელოვანი დეტალების დასაზუსტებლად პროექტის ხელმძღვანელთან სერგი გვარჯალაძესთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

კომენტარი