თბილისში, კორპუსების სართულებს შორის ძალიან დიდი კორუფცია იმალება – ვაჟა აზარაშვილი

თბილისში, კორპუსების სართულებს შორის ძალიან დიდი კორუფცია იმალება – ვაჟა აზარაშვილი

443
გაზიარება
ვაჟა აზარაშვილი — კომპოზიტორი

წლების წინ ჩემთან მიშა ცაგარელი იყო მოსული. თქვენ კირჩხიბი ხართ და არსად წამსვლელი არა ხართო, ასე მითხრა. მართლაც, მე რომ მოსკოვში ვიყო, ბევრად უკეთ ვიცხოვრებ, მაგრამ მე ქართველი კაცი ვარ. თბილისი კი ჩემთვის განსაკუთრებულია, რადგან აქ დავიბადე. ძალიან მიყვარს ბათუმი, ქუთაისი, სხვა ქალაქები, თუმცა 3-4 დღის მერე ისევ დედაქალაქისკენ გამოვრბივარ. სწორედ ამიტომ, მე მასზე არაერთი სიმღერა თუ საკვარტეტო პიესა დავწერე.
დღევანდელი თბილისი უსახური სახლებით დაამახინჯეს. არავის ჯიბეში არ ვიყურები, მაგრამ ქალაქის კორპუსების სართულებს შორის ძალიან დიდი კორუფცია იმალება. ძველ ნაწილს კიდევ არაუშავს, მაგრამ ცენტრისკენ ყველაფერი გააფუჭეს.
არადა, 50-70-იან წლებში არაჩვეულებრივი ქალაქი იყო.
რა იყო თბილისი? – ზრდილობა, კაცობა. ძირს დავარდნილს, დღევანდელისგან განსხვავებით, არ ურტყამდნენ. მორალიც შეიცვალა, ადამიანები გაბოროტდნენ. ისე არ უნდა გაბოროტდე, რომ ადამიანური თვისებები დაკარგო, თუმცა, სხვა ერებთან შედარებით, გაჭირვების დროს მაინც ვიცით ხოლმე მოხმარება და გვერდში ამოდგომა. თუმცა, მინდა, თბილისელებს უფრო მეტად გვიყვარდეს ერთმანეთი და უფრო მეტ პატივს ვცემდეთ ერთმანეთს.
არ ვტრაბახობ, ისე ვამბობ – ერთხელ ლოს-ანჯელესიდან დამირეკეს, თქვენი სავიოლინე მუსიკა დაუკრეს და ხალხი ფეხზე ადგომით უკრავდა ტაშსო. ჩვენთან კი, კონცერტებზე ქართველი ავტორების ნაწარმოები არ სრულდება. ამაშია საქმე.

კომენტარი