შავი ხვრელის პირველი ფოტო გამოქვეყნდა

შავი ხვრელის პირველი ფოტო გამოქვეყნდა

489
გაზიარება

რამდენიმე წუთის წინ ასტრონომებმა მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპის (EHT) მიერ შეგროვებული მონაცემების საფუძველზე შექმნილი შავი ხვრელის ფოტო წარადგინეს.
ქვემოთ მოცემულ ფოტოზე გალაქტიკა Messier 87-ის ცენტრში არსებულ შავ ხვრელს ხედავთ, რომლის სიგანეც 40 მილიარდი კილომეტრია.
როგორც იცით, შავი ხვრელის ამ დრომდე არსებული ყველა სურათი ხელოვნურად იყო შექმნილი, ეს კი პირველი ფოტოა, რომელზეც შავი ხვრელი პირდაპირაა აღბეჭდილი.
“ის, რასაც ფოტოზე ვხედავთ, უფრო დიდია ვიდრე მთელი ჩვენი მზის სისტემა. მისი მასა მზისას 6,5 მილიარდჯერ აღემატება. ჩვენი გამოთვლებით, ეს სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შავი ხვრელია”, – აცხადებს რადბუდის უნივერსიტეტის პროფესორი და ექსპერიმენტის ავტორი ჰაინო ფალკე.
პრესკონფერენცია მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ამ წუთებში ერთდროულად მიმდინარეობს.
მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპი 2017 წლის აპრილში ორ შავ ხვრელს, ჩვენი გალაქტიკის, ირმის ნახტომის ცენტრში არსებულ Sagittarius A*-სა და M87-ს აკვირდებოდა, რომელიც ერთ-ერთი ჩვენი მეზობელი გალაქტიკის ცენტრში მდებარეობს. ორივე ეს ობიექტი წარმოუდგენლად მკვრივია. Sagittarius A* მზეზე ოთხი მილიონჯერ უფრო მკვრივი და 30-ჯერ უფრო დიდია. თუმცა, ის ჩვენგან 26 000 სინათლის წლით არის დაშორებული, ამის გამო, დედამიწაზე არსებული ტელესკოპებიდან მისი დანახვა ძალიან რთულია.
ამ ობიექტის გადასაღებად მოვლენათა ჰორიზონტის გუნდმა ჩილეში, ჰავაიში, არიზონაში, სამხრეთ პოლუსსა და დედამიწის სხვადასხვა წერტილში არსებული ტელესკოპები გამოიყენა.
ჩვენ ვიცით, რომ შავი ხვრელების თვალით დანახვა შეუძლებელია, ამ ობიექტებს უსასრულოდ დიდი სიმკვრივე აქვთ, რის გამოც სინათლე მათგან გამოღწევას ვერ ახერხებს. შავი ხვრელების გარშემო გავარვარებული გაზის ღრუბლები ბრუნავს, რომლებიც მაღალი ტემპერატურის გამო დიდი რაოდენობით რადიაციას ასხივებენ, დედამიწაზე არსებულმა ტელესკოპებმა კი სწორედ აღნიშნული რადიაციის დაფიქსირება შეძლეს.
აღნიშნული ინფორმაციის დამუშავება და მოპოვება განსაკუთრებით რთული იყო, ერთი ღამის განმავლობაში ტელესკოპები ერთ პეტაბაიტს, ანუ ერთ მილიონი გიგაბაიტის რაოდენობის ინფორმაციას აგროვებდნენ. ამ ინფორმაციის დამუშავება კი სუპერკომპიუტერების საშუალებით ხდებოდა.

წყარო: on.ge

კომენტარი