5 ახალი რეგულაცია, რომლებიც თბილისში მიმდინარე წელს ამოქმედდა ან ამოქმედდება

5 ახალი რეგულაცია, რომლებიც თბილისში მიმდინარე წელს ამოქმედდა ან ამოქმედდება

280
გაზიარება

1) მერიის გადაწყვეტილებით, დედაქალაქში K2 კოეფიციენტის გაყიდვა აიკრძალა.რეგულაცია ვრცელდება ყველა ნებართვასა და გრგ-ზე, რომელიც რეგულაციის ამოქმედების მომენტიდან იქნება მიღებული წარმოებაში.

2) დედაქალაქში მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი ნივთების და ნივთიერებების  განთავსება მკაცრად გაკონტროლდება და შესაბამისი კანონმდებლობით შეიზღუდება.

3) თბილისში სამარშრუტო ტაქსები პირველი მარტიდან 14 ქუჩაზე მხოლოდ გაჩერებებზე გააჩერებენ –  ეს რეგულაცია მხოლოდ ყვითელ მიკროავტობუსებსა და რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსებს შეეხება. ეს 14 ქუჩაა: მერაბ კოსტავას ქუჩა, ვაჟა-ფშაველას გამზირი, შოთა რუსთაველის გამზირი, პეტრე მელიქიშვილის ქუჩა, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, ვახტანგ გორგასლის ქუჩა, დავით აღმაშენებლის ხეივანი, დავით აღმაშენებლის გამზირი, ილია ჭავჭავაძის გამზირი, ჟიული შარტავას ქუჩა, პეკინის ქუჩა, მარშალ გელოვანის გამზირი, ჯორჯ ბუშის ქუჩა და კახეთის გზატკეცილი.

4) დასუფთავების სამსახურმა თბილისში საპილოტე პროექტი დაიწყო და ვაკის რაიონის 32 ქუჩაზე მხოლოდ ღამის საათებში გაიტანს ნარჩენებს – დაწყებული ვაკის პარკიდან, დამთავრებული თსუ-სპირველ კორპუსამდე. საუბარია, მთელ ჭავჭავაძის გამზირსა და მიმდებარე ყველა ქუჩის განშტოებაზე.

5) თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, 10 აპრილიდან მძღოლებს საშუალება ექნებათ, თბილისის პარკინგის SMS შეტყობინების სერვისით ისარგებლონ.
სერვისის გასააქტიურებლად აუცილებელია მომხმარებელმა გაიაროს რეგისტრაცია თბილისის პარკინგის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.parking.tbilisi.gov.ge).მომხმარებელს SMS-ით შესაძლებლობა აქვს მიიღოს შემდეგი სახის ინფორმაცია:

შეძენილი პარკირების საშვის მოქმედების ვადა;

შეძენილი პარკირების საშვის ვადის ამოწურვის შეტყობინება 10 დღით ადრე;

ავტოსატრანსპორტო საშუალების დაჯარიმების შესახებ (საჯარიმო ქვითრის მითითებით);

საურავის დარიცხვის შესახებ (საჯარიმო ქვითრის მითითებით);

სპეციალურ საჯარიმო სადგომზე ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაყვანის შესახებ.

 

კომენტარი