როდის შემოვა თბილისში ე.წ. “Food Truck”-ები – რას ამბობენ მერიაში

როდის შემოვა თბილისში ე.წ. “Food Truck”-ები – რას ამბობენ მერიაში

197
გაზიარება

დედაქალაქის ღამის ეკონომიკის განსავითარებლად, არაერთი პროექტი დაანონსდა, თუმცა მათ უმეტესობას მზის შუქი ჯერ ისევ არ უნახავს. ერთ-ერთი იდეა, რომელიც ქალაქის ხელმძღვანელობამ გააჟღერა და საზოგადოების დაინტერესებაც გამოიწვია, ღამის კვების ობიექტები, ე.წ. “Food Truck”-ებია. როგორც თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია 2 თვის წინ აცხადებდა, ე.წ. “Food Truck”-ები, საპილოტე პროექტის სახით, თბილისში უახლოეს მომავალში შემოვიდოდა. მისივე თქმით, მცირე ბიზნესის წარმომადგენლები ამ საკითხით ინტერესდებოდნენ.
“ე.წ. “Food Truck”-ები ერთ-ერთ კონკრეტულ ლოკაციაზე განთავსდება. ღამის კვების ობიექტების განვითარების მიმართულებით, საკმაოდ დიდი ინტერესია, რომელიც მოსაწესრიგებელია, რადგან ღამის ცხოვრების მხრივ, მოთხოვნა საკმაოდ გაზრდილია. იმ გამოწვევებს, რომლებიც ამ მიმართულებით არსებობს, უნდა ვუპასუხოთ“, – აღნიშნავდა სოფიო ხუნწარია.
“სითი კვირა” შეეცადა, დაეზუსტებინა, როდის დაიწყებენ ფუნქციონირებას ე.წ. “Food Truck”-ები, თუმცა თბილისის მერიაში კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებენ. მიუხედავად ამისა, ქალაქის ხელმძღვანელობას პროექტის განხორციელება არ გადაუფიქრებია და დედაქალაქის ქუჩებში კვებისთვის განკუთვნილი სატვირთო მანქანების შემოყვანის გეგმა კვლავ ძალაშია.

კომენტარი