როგორია ავარიებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი და რის გაკეთებას გეგმავს შსს?

როგორია ავარიებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი და რის გაკეთებას გეგმავს შსს?

95
გაზიარება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაციის ანალიზი, 2019 წლის ბოლომდე განსახორციელებელი სამოქმედო გეგმა და სოციალური კამპანია ,,მეტი სიცოცხლისთვის“ წარადგინა. შსს-ს ინფორმაციით, მხოლოდ 2018 წელს საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 459 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო ბოლო 10 წელიწადში ავტოსატრანსპორტო შემთხვევების შედეგად საქართველოში 6 608 ადამიანი გარდაიცვალა და 85 946 ადამიანმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.
როგორც უწყების მიერ დღეს გამართულ ღონისძებაზე აღინიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ გამოწვევასთან საბრძოლველად 2018 წელს ეროვნული ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის სრული განახლება დაიწყო. თუ 2017 წლის ბოლოს, ქვეყნის მასშტაბით, 170 კამერა ფუნქციონირებდა, უკვე დღეს 2600-ზე მეტი კამერა მუშაობს, რომელიც საგზაო მოძრაობის დარღვევის ფაქტებს აფიქსირებს. გარდა ამისა, სამინისტრომ დაიწყო ავტოსაგზაო შემთხვევების აღრიცხვიანობის სრული მოდერნიზაცია და განახორციელა საკანონმდებლო ინიციატივები, მათ შორის ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვის კრიმინალიზაცია. ასევე, უწყების მიერ, ყველა პატრულ-ინსპექტორი სრულად აღიჭურვა სამხრე ვიდეოკამერებით, რომლებიც მძღოლებისა და საპატრულო პოლიციის კომუნიკაციის პროცესს სრულად აფიქსირებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ აღნიშნულ ღონისძიებებს მოჰყვა გარკვეული პოზიტიური შედეგები და 2018 წელს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებში გარდაცვლილ პირთა რაოდენობა 11%-ით შემცირდა. ასევე, შემცირდა სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევების პროცენტული მაჩვენებელიც.
როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ინტენსიურ აქტივობებს მომავალშიც გეგმავს. უწყება 2019 წლის ბოლომდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აამოქმედებს 5 000-მდე ვიდეოკამერას, მათ შორის, 2 100 ე.წ. ჭკვიანი ვიდეოკამერას, ხოლო სექციური სიჩქარის მზომი მოწყობილობებით საავტომობილო გზის 700 კმ-მდე მონაკვეთს გადაფარავს.
წლის ბოლომდე, ასევე, გაიზრდება ფარული პატრულირების განმახორციელებელი ეკიპაჟების რაოდენობა, რომლებიც საქართველოს ძირითად ქალაქებში იმოძრავებენ და საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევ მძღოლებს შესაბამის სანქციას დააკისრებენ.
ხაზგასასმელია ისიც, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ინოვაციურ, ავტომობილის ნომრის ამომცნობ მობილურ სისტემებს ნერგავს, რაც საშუალებას მისცემს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს, ადგილზე გამოავლინოს სხვადასხვა კატეგორიის რისკის მქონე მძღოლები და პრევენციული ხასიათის მატარებელი საპოლიციო ქმედების ფარგლებში გადაამოწმოს ისინი.
გარდა ამისა, სწორედ აღნიშნული 2019 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, განხორციელდება საგზაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომელიც რიგ შემთხვევებში, სანქციების გამკაცრებას გულისხმობს.

კომენტარი