გულით მინდა, რომ დიღმის ჭალების პარკი წარმატებული პროექტი გამოდგეს – მამუკა სალუქვაძე

გულით მინდა, რომ დიღმის ჭალების პარკი წარმატებული პროექტი გამოდგეს – მამუკა სალუქვაძე

395
გაზიარება

დედაქალაქის ხელმძღვანელობამ საზოგადოებას უკვე აცნობა, რომ დიღმის ჭალებში, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ჭალის კუნძულზე, საერთო ჯამში, დაახლოებით, 15 ჰექტარის ფართობის ტერიტორიაზე ახალი, თანამედროვე დიზაინის მრავალფუნქციური პარკი მოეწყობა. დიღმის ჭალებში მოეწყობა მდინარე მტკვრის სანაპიროზე მისასვლელი სასეირნო ბილიკები, ბავშვების გასართობი თუ სპორტული ტერიტორია, ამფითეატრი, ასევე, პარკის ცენტრალურ ნაწილში გაკეთდება ხელოვნური ტბა და ჩატარდება არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც პარკს, თავისი მასშტაბურობიდან გამომდინარე, დედაქალაქის ერთ-ერთ მთავარ სარეკრეაციო სივრცის ფუნქციას მიანიჭებს.
აღსანიშნავია, რომ ეს ერთ-ერთია იმ პროექტთაგან, რომლებიც თბილისის მიწათსარგებლობის განახლებულმა გენერალურმა გეგმამ დაუბრუნა. შესაბამისად, ამ პროექტის განხორციელება სწორედ “სითი ინსტიტუტი საქართველოს” რეკომენდაციის შედეგად გადაწყდა.
როგორც ორგანიზაციის დირექტორი მამუკა სალუქვაძე “სითი კვირასთან” საუბრისას აღნიშნავს, “სითი ინსტიტუტი საქართველო” მიესალმება იმ ფაქტს, რომ თბილისის მერიამ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. მისივე თქმით, სასურველია, თუ ტერიტორია, რომელიც გენგეგმაზე მუშაობისას საპარკო ზონად განიხილეს, მაქსიმალურად გამწვანდება და ბუნებრივი გარემოს ელემენტებით გამდიდრდება.
“ჩვენ მივესალმებით ასეთი მასშტაბის პროექტებს. ეს პარკი არა მხოლოდ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანებისთვის იქნება ხელმისაწვდომი და სასარგებლო, არამედ მთელი ქალაქის მოსახლეობისთვის. ის მრავალფუნქციური უნდა იყოს და ადამიანებს პარკში დროის გატარება მთელი დღის განმავლობაში უნდა შეეძლოთ. აქ უნდა იყოს წყნარი და აქტიური დასვენების ზონები, ნაგებობები, რომლებიც პარკს მოემსახურება და ა.შ.
გულით მინდა, რომ დიღმის ჭალების პარკი ნამდვილად წარმატებული პროექტი გამოდგეს და ეს რეკრეაციული სივრცე, რომელიც დიდი იმედია, რომ საბოლოოდ გამოვგლიჯეთ ხელიდან კორპუსთმოყვარე მშენებლებს, თბილისელებისთვის საყვარელ და პოპულარულ ადგილად იქცეს.” – აცხადებს მამუკა სალუქვაძე.

კომენტარი