თბილისის მდგრადი ურბანული მობილობის გეგმის შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდება

თბილისის მდგრადი ურბანული მობილობის გეგმის შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდება

153
გაზიარება

თბილისის განვითარების ფონდი დედაქალაქის მდგრადი ურბანული მობილობის გეგმის შესყიდვაზე ტენდერს უახლოეს მომავალში გამოაცხადებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ურბანული მობილობის გეგმის ფარგლებში, დედაქალაქში სატრანსპორტო მიმართულებით სპეციალური კვლევა ჩატარდება.
„გვაქვს სიახლე, რომელიც მნიშვნელოვანია დედაქალაქის ურბანული განვითარებისთვის – უახლოეს მომავალში მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, თბილისის მდგრადი ურბანული მობილობის გეგმის შესყიდვაზე ტენდერს გამოაცხადებს. გვინდა, რომ ჩავატაროთ კვლევა რაიონებში, რათა დადგინდეს სად არის ტრანსპორტის ნაკლებობა და ამ მიმართულებით რისი გაკეთებაა საჭირო. შეიძლება ეს იყოს ტრამვაი, მეტრო. მაგალითად, დიღმის მიმართულებით მიწისზედა მეტროს პროექტის განხორციელებაზე სერიოზული მოსაზრება არსებობს. შესაბამისად, კვლევა გვაჩვენებს ყველაფერს, თუ როგორ შეიძლება ამ მხრივ განვვითარდეთ. რამდენიმე კვირაში უკვე დაიწყება კვლევა და ძალიან მალე  სრული სურათი გვექნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა სამგორი-ლილო-აეროპორტის მიმართულებით მიწისზედა მეტროსადგურის მშენებლობის პროექტირების ტენდერზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გამარჯვებული კომპანია უახლოეს მომავალში გამოვლინდება.
„იცით, რომ სამგორი-ლილოს მიმართულებით მეტროსადგურის მშენებლობის პროექტზე ტენდერი გვაქვს გამოცხადებული. უახლოეს დღეებში გვეცოდინება გამარჯვებული კომპანია, რომელიც შესაბამის სამუშაოებს ჩაატარებს და სრული პროექტი წლის ბოლოსთვის უნდა გვქონდეს. ამის შემდეგ კი ტენდერი მშენებლობაზე გამოცხადდება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
მდგრადი ურბანული მობილობის გეგმა ქალაქის მთავარი სტრატეგიული სატრანსპორტო დოკუმენტია, რომელიც განსაზღვრავს ტრანსპორტის ყველა ასპექტს: ქვეითთა, საზოგადოებრივი და კერძო ტრანსპორტის, დისტრიბუციის ავტომანქანებისა და ველოსიპედების გადაადგილებას. ასევე, შემუშავდება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, მათ შორის, ველობილიკების, ინკლუზიური  საფეხმავლო ბილიკების თანამედროვე სტანდარტები. დოკუმენტის საფუძველზე შესაძლებელი გახდება თბილისის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გეგმაზომიერი, სტანდარტიზებული და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად განვითარება.

კომენტარი