თამარ ტალიაშვილი: ვარკეთილსა და დიდ დიღომში მულტიფუნქციური ბიბლიოთეკები აშენდება

თამარ ტალიაშვილი: ვარკეთილსა და დიდ დიღომში მულტიფუნქციური ბიბლიოთეკები აშენდება

105
გაზიარება

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა დედაქალაქის ბიბლიოთეკების რეფორმა საკრებულოს სხდომაზე დადებითად შეაფასა.  მისი განცხადებით, ბიბლიოთეკების თანამედროვე შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრებად გარდაქმნის გზაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.
„მოხარული ვარ რომ დღის წესრიგში დედაქალაქის ბიბლიოთეკების რეფორმის საკითხი დგას, რაც თბილისის ბიბლიოთეკების თანამედროვე, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრებად გარდაქმნას გულისხმობს. რეფორმის არსი მდგომარეობს იმაში, რომ თბილისელებს კომფორტული და სასიამოვნო გარემო შევუქმნათ, სწორედ ისეთი, როგორიც უნდა იყოს თანამედროვე, ევროპული საბიბლიოთეკო ინფრასტრუქტურა. პირველივე დღიდან, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის სტრატეგიული ხედვა მუნიციპალურ ობიექტებთან დაკავშირებით, მათ შორის, ბიბლიოთეკებთან იყო მოდერნიზება, მათი პოპულარიზაცია და ამ ობიექტების საკუთარი შემოსავლების გაჩენის შესაძლებლობა,”- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ბოლო წლებში ბიბლიოთეკების რეფორმირებისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება დაიგეგმა. მისი განმარტებით, 2014 წელს პირველად არსებული მდგომარეობის შესწავლა, წიგნადი ფონდის ელექტრონული აღნუსხვა და   უძრავ-მოძრავი ქონების შეფასება მოხდა. 2016 წელს კი ახალი ელექტრონული პროგრამა დაინერგა. თამარ ტალიაშვილის თქმით, პარალელურად, განხორციელდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, კაპიტალურად გარემონტდა და ინვენტარით აღიჭურვა 2 ფილიალი.
“ბიბლიოთეკების რეფორმის გზაზე, ჩამოვთვლი რამდენიმე მიღწევას, რაც ჩვენი ხელისუფლების პერიოდში განხორციელდა და საბოლოოდ, უკეთესობისკენ შეიცვალა თბილისის საბიბლიოთეკო პოლიტიკა. მოგეხსენებათ, რომ პრობლემის მოგვარება მისი შესწავლის შემდეგ არის შესაძლებელი, შესაბამისად, მთელი სისტემის შესწავლისა და ნაკლოვანებების იდენტიფიცირების შემდეგი ეტაპი იყო თბილისის მერიასთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან კოორდინირებული მუშაობით, ერთიანი ხედვის ჩამოყალიბება. ვგულისხმობ მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების შექმნას, რომელიც ამ ეტაპზე აერთიანებს 3 ფილიალს, უახლოეს მომავალში კი ვარკეთილსა და დიდ დიღომში მულტიფუნქციური ბიბლიოთეკები აშენდება, ასევე, ვგეგმავთ მცირე მედიათეკებს მზიურის პარკის ტერიტორიასა და ისანში. აქვე უნდა აღინიშნოს ორი დიდი პროექტი თბილისში, რომელიც გასულ წლებში განხორციელდა – ეს გახლავთ თანამედროვე, ადაპტირებული მედიათეკების მშენებლობა. ორივე მედიათეკა წარმატებულად მუშაობს, ფუნქციურად დატვირთულია და გახდა საინტერესო ღონისძიების ადგილი. ამ პროექტმა აჩვენა, რომ საზოგადოების ყველა თაობას აქვს დაკვეთა და სურვილი თანამედროვე საბიბლიოთეკო სივრცეების არსებობის, სადაც იქნება შემეცნებით-საგანმანათლებლო, კომფორტული გარემო, ინფორმაციასთან წვდომის ტექნოლოგიური საშუალებები. პროფესიული, დარგობრივი თუ ზოგად შემეცნებითი პროექტების განხორციელებისთვის,“- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

კომენტარი