ზონალურ-საათობრივ პარკირებამდე 2 თვე დარჩა – რა ვიცით პროექტის შესახებ?

ზონალურ-საათობრივ პარკირებამდე 2 თვე დარჩა – რა ვიცით პროექტის შესახებ?

211
გაზიარება

2 თვეზე ცოტა მეტი დარჩა იქამდე, სანამ ქალაქში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება. საპილოტე პროექტის სახით, პირველი ქუჩა, რომელსაც სიახლე შეეხება, კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძის) ქუჩაა. როგორც “სითი კვირას” თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში განუცხადეს, პროექტის ამოქმედების თარიღი, 1-ელი ივლისი კვლავ უცვლელია.
მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის ქუჩებში ახალი ავტობუსების გამოსვლის თარიღი, პარკირებისგან განსხვავებით, მერიას ჯერ არ გაუჟღერებია, სავარაუდოა, რომ ეს სიახლე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის ამოქმედებას დაემთხვევა. მაღალი ალბათობით, ახალ ავტობუსებს ცოტა ხნით ადრეც ვიხილავთ. ამ მოსაზრების სასარგებლოდ მეტყველებს შემდეგი:
ქალაქის ხელმძღვანელობამ არაერთხელ განაცხადა, რომ ზონალურ-საათობრივი პარკირების ამოქმედებამდე სატრანსპორტო ქსელი მოწესრიგდება. ამიტომაც, პირველი ავტობუსები, ალბათ, სწორედ აფხაზის ქუჩაზე გამოჩნდება.
რა ეღირება დედაქალაქში ავტომობილის 1 საათით გაჩერება? როგორც ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში აცხადებენ, საკითხს საკრებულო განიხილავს და ფასიც იქ განისაზღვრება, თუმცა ადრე ქალაქის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ აღნიშნა, რომ ტარფი 50 თეთრიდან დაიწყება. ალბათ, ეს იქნება ფასის ყველაზე დაბალი ნიშნული, მაგალითად, გარეუბნებში, თუმცა უნდა ველოდოთ, რომ აფხაზის ქუჩაზე მანქანის 1 საათით გაჩერება გაცილებით ძვირი დაგვიჯდება.
რაც შეეხება შეღავათებს, უფასოდ პარკირებას შეძლებენ მხოლოდ ადგილობრივი მაცხოვრებლები, ელექტრომობილების მფლობელები, შშმ პირები და ტაქსის მძღოლები (სპეციალურად მათთვის გამოყოფილ სადგომებზე). რაც შეეხება სამუშაო ოფისებთან ავტომანქანის გაჩერებას (საცხოვრებელ სახლთან პარკირებისგან განსხვავებით), ამ შემთხვევაში თქვენ საათობრივად გადაიხდით, თუნდაც თქვენს სამსახურთან ავტომობილის პარკირება ყოველდღე 7-8 საათის მანძილზე გჭირდებოდეთ. მცირედი შეღავათი, რომელიც ყველა ავტომობილის მძროლს შეეხება, ყოველდღიურად, ოთხი უფასო, 15-წუთიანი პარკირებაა.
როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ პარკირებაზე საუბრისას არაერთხელ აღნიშნა, პარკირების პოლიტიკა ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტია მუნიციპალიტეტისთვის (სადაც 500 000-ზე მეტი ავტომობილი გადაადგილდება) დარეგულირდეს სატრანსპორტო ნაკადები, საცობები, საპარკინგე ადგილებზე გადაჭარბებული მოთხოვნა და რაც ყველაზე მთავარია, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და კერძო მანქანების მოხმარების მაჩვენებელი, რომელიც მუდმივად კერძო მანქანების სასარგებლოდ იზრდება.

კომენტარი