როგორ უნდა “შემოვიდეს” თბილისის მდიდარი ლანდშაფტი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში?

როგორ უნდა “შემოვიდეს” თბილისის მდიდარი ლანდშაფტი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში?

410
გაზიარება

დედაქალაქის მერმა რამდენიმე დღის წინ აცნობა საზოგადოებას, რომ უახლოეს მომავალში კუს ტბას მთაწმინდასთან 6-კილომეტრიანი საფეხმავლო ბილიკი დააკავშირებს. ბილიკის გარშემო მოეწყობა საკემპინგე და დასასვენებელი ზონები, ეკოლოგიური განათლებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა, გადმოსახედები… შესაბამისად, როგორც დედაქალაქის სტუმრებს, ასევე, ადგილობრივებს საშუალება ექნებათ, ქალაქში ისეთ სივრცეებს გაეცნონ, რომელთა ხელმისაწვდომობაც ადრე ნაკლები იყო.
აღსანიშნავია, რომ ეს პროექტი იმ ხედვის ნაწილია, რომელსაც დედაქალაქს თბილისის მიწათსარგებლობის განვითარების ახალი გენერალური გეგმა სთავაზობს. შესაბამისად, მერიის ამ გადაწყვეტილებას მიესალმება ქალაქმგეგმარებელი, კომპანია “სითი ინსტიტუტი საქართველოს” პროექტის ხელმძღვანელი ელენე დარჯანია, რომელიც “სითი კვირასთან” პროექტის როლზე საუბრობს.
image“ხშირად გვესმის, რომ თბილისის ლანდშაფტი ძალიან მნიშვნელოვანია და ქალაქის ხასიათს განსაზღვრავს, რომ დედაქალაქის განვითარებისთვის მნიშველოვანია თბილისის ფონი, რომელსაც ასეთი შემოგარენი ქმნის. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში, სიტყვა ფონი ცოტა უარყოფითად მოქმედებს. მან საზოგადოებაში გააჩინა დამოკიდებულება ლანდშაფტის მიმართ, რომ ეს არის ფონი, რომელშიც არაფერი არ ხდება და ის, უბრალოდ, ფონად უნდა დარჩეს. ვფიქრობ, ეს ბილიკი ერთ-ერთი ისეთი პროექტია, რომელიც ამ მიდგომას არღვევს და მიუყვება იმ კონცეფციას, რომელიც ჩვენ ქალაქის ხელმძღვანელობას გენერალურ გეგმაში შევთავაზეთ. დამოკიდებულება ლანდშაფტის მიმართ, თითქოს, ის, უბრალოდ, ფარდაა, უნდა შეიცვალოს.
გენგეგმის ერთ-ერთი რეკომენდაცია, ლანდშაფტის ნაწილში, გახლდათ შემდეგი: ასეთი ბილიკები იქნება, ერთი მხრივ, საზღვარი, რომელიც ქალაქს გაზრდის საშუალებას აღარ მისცემს და მეორე მხრივ, ერთგვარი შესაძლებლობა, ადამიანები გავიდნენ ლანდშაფტში და გამოიყენონ ის არა ფარდის, არამედ რეკრეაციისა და დასვენების ფუნქციით.
ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, თითქოს, ეს პატარა პროექტია, მაგრამ, ამავე დროს, ის ზემოხსენებულ დამოკიდებულებას ცვლის. მოსახლეობა ამბობს, რომ სარეკრეაციო სივრცეები გვაკლია, მაგრამ ჩვენ ხშირად გვავიწყდება, რომ თბილისი ხეობებშია განვითარებული. ასე რომ, ჩვენ გვაქვს გარე ლანდშაფტზე წვდომის შესაძლებლობა. რეკრეაცია ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში უნდა შემოვიდეს. ეს პროექტი კი, ჩვენი კონცეფციის ერთ-ერთი სტრატეგიის – ლანდშაფტი ჯიბეებივით “შემოდიოდეს” ქალაქში – განხორციელების მაგალითად შეგვიძლია განვიხილოთ. მსგავსი ბილიკები უნდა გავავრცელოთ და ერთმანეთთან დავაკავშიროთ, რის შემდეგაც თბილისის მთები მხოლოდ ქალაქის ფონი აღარ იქნება.”- აღნიშნავს ელენე დარჯანია.

კომენტარი