მსოფლიოს 7 საოცრება ადრე და ახლა – პროექტის ავტორებმა უნიკალური ქმნილებები “გააცოცხლეს”

მსოფლიოს 7 საოცრება ადრე და ახლა – პროექტის ავტორებმა უნიკალური ქმნილებები “გააცოცხლეს”

507
გაზიარება

მსოფლიოს 7 საოცრებიდან დღემდე მხოლოდ ერთი – ხეოფსის პირამიდა შემორჩა, რომელიც ძვ. წ. 2550 წლით თარიღდება. დანარჩენი ექვსი ხანძარმა ან მიწისძვრამ იმსხვერპლა.  ბაბილონის დაკიდებული ბაღები, არტემიდეს ტაძარი და როდოსის კოლოსი ქრისტეს შობამდე განადგურდა, ხოლო ზევსის ქანდაკება, ჰალიკარნასის მავზოლეუმი და ალექსანდრიის შუქურა ქრისტეს შობის შემდეგ, მე-4-დან მე-15 საუკუნეებამდე.
ავტორები იმ პროექტისა, რომლის მონაწილეებმაც ამ უნიკალური ქმნილებების “გაცოცხლება” ცადეს, აცხადებენ, რომ მათი მთავარი მიზანი იყო, ადამიანებს თავიდან აღმოეჩინათ უძველესი სამყაროს კუთვნილი, დიდი ხნის წინ დავიწყებული საოცრებები. შესაბამისი ფოტომასალა NeoMam Studios-მა budgetdirect.com-ისთვის შექმნა.

1.როდოსის კოლოსი

მზის ღმერთის — ჰელიოსის უზარმაზარი ქანდაკება, რომელიც კუნძულ როდოსზე იდგა. როდოსელთა რწმენით, ჰელიოსი ქალაქს მფარველობდა და ბერძნებს მტერთან ბრძოლაში ეხმარებოდა. როდოსის კოლოსი აგებულია ძვ. წ. III საუკუნეში. ჰელიოსის ქანდაკება თეთრი მარმარილოს კვარცხლბეკზე იდგა. მას გვირგვინით შემკობილი ახალგაზრდა ჭაბუკის სახე ჰქონდა. მისი სიმაღლე 37 მეტრი იყო. ძვ. წ. 227 წელს კუნძულ როდოსზე მიწისძვრა მოხდა, რომელმაც როდოსის კოლოსი მთლიანად დაანგრია. არ არის შემორჩენილი მისი მცირე ნაწილიც კი.

2.ხეოფსის პირამიდა

ის ყველაზე დიდი პირამიდა. მისი მშენებლობა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 26-ე საუკუნეში დაიწყო. პირამიდის სიმაღლე 147 მეტრი გახლდათ, მაგრამ დღესდღეობით ის 136 მეტრია. მისი თითოეული გვერდის სიგრძე 233 მეტრია. 1 კილომეტრის გავლაა საჭირო, რომ პირამიდას შემოუარო. პირამიდის მშენებლობისას ეგვიპტელებმა საოცარი არქიტექტურული ცოდნა გამოიყენეს, ეს კი იმაში გამოიკვეთება, რომ მასში გამოყენებული ლოდები იდეალურად ჯდება ერთმანეთში. პირამიდის ასაშენებლად, დაახლოებით, 2 300 000 ლოდი დაიხარჯა. მისმა მშენებლობამ 20 წელიწადს გასტანა და ამ პროცესში მონაწილეობას, დაახლოებით, 100 ათასი მუშა იღებდა.

3.ბაბილონის დაკიდებული ბაღები

ქალაქ ბაბილონში ნაბუქოდონოსორის მიერ აგებული კონსტრუქცია, რომელშიც ათასგვარი მცენარე ხარობდა. შენობა ოთხიარუსიანი იყო. მას დააყარეს იმ სისქის მიწა, რომ ყველაზე დიდ მცენარეებსაც შეეძლოთ გახარება. მისთვის შორეული ქვეყნებიდან მოჰქონდათ ლამაზი მცენარეები. სარწყავი სისტემა წყალსაცავიდან, მილების საშუალებით, წყალს ოთხივე აირუსს აწვდიდა. დაკიდებულმა ბაღებმა ჩვენს დრომდე ვერ მოაღწია. ძველმა ბერძნებმა დიდი შეცდომა დაუშვეს, როდასაც დაკიდული ბაღების აგება დედოფალ სემირამიდას დაუკავშირეს.

4.ალექსანდრიის შუქურა

ალექსანდრიის შუქურა მდებარეობდა ალექსანდრიაში, ეგვიპტეში. აშენდა ძვ.წ. 279 წელს და მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ერთ-ერთად მიიჩნევა. მან ფუნქციონირება შეწყვიტა და თითქმის სრულიად დაინგრა მე-14 საუკუნეში მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად. მისი ნარჩენები მყვინთავებმა 1994 წელს იპოვეს, შემდეგ კი სატელიტური ფოტოებით შუქურის დანარჩენი ნაწილები აღმოაჩინეს. შუქურის კოშკი, სავარაუდოდ, 134 მეტრის სიმაღლის უნდა ყოფილიყო.

5.ჰალიკარნასის მავზოლეუმი

ჰალიკარნასის მავზოლეუმი, არქიტექტურისა და ქანდაკების ბრწყინვალე შედევრი, ერთ დროს არაჩვეულებრივი სანახაობა იყო. ის ძვ. წ. IV საუკუნეში ააგეს, როგორც ქალაქ ჰალიკარნასის მმართველის, მავსოლეს აკლდამა. მეცნიერთა აზრით, მშენებლობა მავსოლეს სიცოცხლეშივე დაიწყო. მავსოლემ მხოლოდ საუკეთესო მოქანდაკეები დაიქირავა, რომელთა ოსტატობის შედეგად ნაგებობას საუკუნო დიდება ხვდა წილად. კარიის მმართველმა მისი დასრულება ვერ მოასწრო. იგი, დაახლოებით, ძვ. წ. 353 ან 352 წელს გარდაიცვალა. დაკრძალეს მის მიერვე აგებულ აკლდამაში, რომელსაც მავსოლეს პატივსაცემად მავზოლეუმი უწოდეს.

6.ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში

ზევსის ქანდაკება ფიდიასის ნამუშევარია, რომელიც ხისგან იყო დამზადებული. ქანდაკების ზედაპირი მოპირკეთებული იყო ოქროთი და სპილოს ძვლით. აგებულია ჩვ.წ-მდე V საუკუნეში. მარმარილოს ზევსი იმ დროისთვის ყველა არსებულ ტაძარზე მაღალი იყო, 13 მეტრი სიმაღლის. 27×64 მეტრის ზომის სახურავი გამაგრებული იყო სვეტებით, რომლებიც შესრულებული იყო კირქვისგან. ტარძის მარმარილოს ფრონტონებზე ზევსის გმირობები იყო ასახული. თქმულების მიხედვით, აქ დაამარცხა ზევსმა კრონოსი, თავისი ღვიძლი მამა, რომელმაც ძალაუფლების დაკარგვის შიშით, საკუთარი შვილების შეჭმა დაიწყო.

7.არტემიდეს ტაძარი ეფესოში

ბერძნული ქალღმერთი არტემიდასადმი მიძღვნილი ტაძარი ეფესოში, აგებულია დაახ. ძვ. წ. 550 წელს სპარსეთის იმპერიის აქამენიდთა დინასტიის მმართველობის პერიოდში. ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზეა. თავდაპირველი ტაძრისგან დღემდე არაფერი შემორჩენილა. იგი მშენებლობის დამთავრებიდან მალევე განზრახ გადაწვა ჰეროსტრატემ, ზუსტად იმ დღეს, როდესაც ალექსანდრე მაკედონელი დაიბადა. მას, ასეთი სრულყოფილების განადგურებით, თავისი სახელის უკვდავყოფა სურდა. ის დაიჭირეს და სასტიკი წამების შემდეგ სიკვდილით დასაჯეს. ამ ამბის მოყოლა ან მისი სახელის ხსენება ყველას ეკრძალებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ჰეროსტრატემ მიზანს მიაღწია.

კომენტარი