საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი CinéDOC-Tbilisi დღეს გაიხსნება

საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი CinéDOC-Tbilisi დღეს გაიხსნება

104
გაზიარება

საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი CinéDOC-Tbilisi დღეს 19:30-ზე “სანდენსის” გამარჯვებული ფილმით “Honeyland” კინოთეატრ “ამირანში” გაიხსნება. ფესტივალი თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება და მას კინოთეატრი “ამირანი” და საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრი მასპინძლობენ.
Connecting Thoughts – „დააკავშირე ფიქრები“ – ამ სლოგანით ფესტივალი კიდევ უფრო უახლოვდება მაყურებელს და თემატურად დაყოფილ სექციებს სთავაზობს.
წლევანდელი ფესტივალის სტუმარი ქვეყანა უნგრეთია, რომელიც გამორჩეული, უახლესი კრეატიული დოკუმენტური ფილმებით იქნება წარმოდგენილი.
ფესტივალის პროგრამა ასევე მოიცავს შემდეგ აქტივობებს: “New Talents Caucasus” – ახალი ტალანტების წარდგენა კავკასიის რეგიონიდან, Civil Pitch – აკავშირებს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და კინოდოკუმენტალისტებს ერთმანეთთან, CinéDOC Young – ბავშვებისთვის შექმნილი სპეციალური პროგრამაა, Erotic DOX – წლევანდელი ფილმები ქალების ეროტიკულ გამოცდილებაზე მოგვითხრობს. ექვსდღიანი ფესტივალის ფარგლებში 50-ზე მეტი დოკუმენტური ფილმის ჩვენება შედგება. ფილმების ჩვენებების შემდეგ რეჟისორები, პროდუსერები, პროტაგონისტები მაყურებელს შეხვდებიან და მათთან კითხვა-პასუხის რეჟიმში დისკუსიას გამართავენ, ასევე, დაგეგმილია მასტერკლასები და ტრენინგები.
CinéDOC-Tbilisi 13 მაისს, საკონკურსო სექციაში წარმოდგენილი ფილმებიდან გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიით დაიხურება. წელს ჟიურის წევრები არიან: ონდრეი კამენიცკი – ადამიანთა უფლებების საერთაშორისო კინოფესტივალის One World-ის დირექტორი (ჩეხეთი), მარიამ ჭაჭია – ქართველი კინორეჟისორი (საქართველო), კენან ალიევი – Current Time TV-ს მთავარი რედაქტორი.
}Focus Caucasus-ის ჟიურის წევრები:  პეტრა სელისკარი – პროდიუსერი და კინორეჟისორი (სლოვენია), ჩილა კატო – პროგრამის დეპარტამენტის ხელმძღვანელი Astra Film Festival (რუმინეთი), ტუე სტინ მულერი – ცნობილი კინოკრიტიკოსი.
ფესტივალის სტუმრები არიან: რუსი რეჟისორი ვიტალი მანსკი; Honeyland-ის ოპერატორები: ფეიმი დაუტი და სამირ ლიუმა; ფრანგი რეჟისორი ნიკოლა ფილიბერი; ფილმის Disappearance of My Mother/ „დედაჩემის გაუჩინარება“ მთავარი გმირი ბენედეტა ბარძინი; ძიგა ვერტოვის პირველი დაკარგული ფილმის აღმომჩენი ნიკოლაი იზვოლოვი.
CinéDOC-Tbilisi პირველი საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალია სამხრეთ კავკასიაში, რომლის მიზანიც 2013 წლიდან კრეატიული დოკუმენტური კინოს პოპულარიზაციაა.

კომენტარი