ცვლილებების მოლოდინში – ყვითელი “მარშუტკების” ეპოქა დასასრულს უახლოვდება

ცვლილებების მოლოდინში – ყვითელი “მარშუტკების” ეპოქა დასასრულს უახლოვდება

450
გაზიარება

თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მგზავრთა გადაყვანის უფლება „თბილისის მიკროავტობუსს“ 2031 წლამდე აქვს, თუმცა ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ყვითელი “მარშუტკების” ეპოქა თბილისში დასასრულს უახლოვდება.
“მიკროავტობუსებმა განახლება რომ არ დაიწყონ, ბაზარზე ვეღარ დარჩებიან.“ – ეს განცხადება ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა, მამუკა მუმლაძემ  ტელეკომპანია “პალიტრანიუსის” ეთერში გააკეთა.  მისი თქმით, მას შემდეგ, რაც მუნიციპალური ავტობუსების პარკი თბილისში მთლიანად განახლდება, ეჭვგარეშეა, რომ  ყვითელ “მარშუტკებს” მგზავრები და შესაბამისად, შემოსავალები შეუმცირდება.  მუმლაძე დარწმუნებულია, რომ ამ შემთხვევაში, „თბილისის მიკროავტობუსის“ ხელმძღვანელობა იძულებული იქნება, ცვლილებებზე იფიქროს. შეგახსენობთ, რომ ყვითელი “მარშუტკების” მომავალთან დაკავშირებით, დაახლოებით, ანალოგიური შინაარსის განცხადებები მერიის მაღალჩინოსნებმა ადრეც გააკეთეს. მაგალითად, მიკროავტობუსების ავტოპარკის განახლების აუცილებლობაზე ისაუბრა დედაქალაქის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ. ქალაქის მერმა, კახა კალაძემ მიკროავტობუსების მომავალი ფრანგული კომპანია „სისტრას“კვლევებს დაუკავშირა.
„კვლევას გვიკეთებს ფრანგული კომპანია „სისტრა“. გაზაფხულზე იქნება ზუსტი მონაცემები, თუ როგორ იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და როგორ იქნება ერთმანეთის კვეთაში მეტრო, ავტობუსები და მიკროავტობუსები. თუ ჩვენ კვლევა გვეტყვის, რომ მიკროავტობუსებიც აუცილებელია ქალაქისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან იქნება მოთხოვნა, რომ ისინი განახლდეს და ჩანაცვლდეს ახალი ტრანსპორტით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
არის თუ არა ამგვარი ცვლილებებისთვის  მზად კომპანია? როგორც ადრე  “თბილისის მიკროავტობუსში”  „სითი კვირას“ განუმარტეს, მერიის მსგავსად, კომპანიაც „სისტრას“ დასკვნას ელოდება და მათი  სამოქმედო გეგმაც ამ დასკვნის შესაბამისი იქნება.”
“გადაწყვეტილებას ჩვენ  მერიასთან ერთად მივიღებთ. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მომხმარებელი ახალ სტანდარტებზე მორგებული, ხარისხიანი მომსახურებით უზრუნველვყოთ“, – განაცხადეს „თბილისის მიკროავტობუსში“.
მოკლედ, ალბათობა იმისა, რომ თბილისის ქუჩებში  ყვითელი „მარშუტკები“ აღარ იმოძრავებენ ან ახლებით ჩანაცვლდებიან, საკმაოდ მაღალია. არსებული ინფორმაციით, „სისტრას” კვლევის დეტალები მაისის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.

კომენტარი