თბილისში მიწისზედა მეტროს მშენებლობას, სავარაუდოდ, ავსტრიული კომპანია დააპროექტებს

თბილისში მიწისზედა მეტროს მშენებლობას, სავარაუდოდ, ავსტრიული კომპანია დააპროექტებს

1175
გაზიარება

„სამგორი-ლილო-აეროპორტის“ მიმართულებით, მიწისზედა მეტროს პროექტირებას და ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას ავსტრიული კომპანია ILF Consulting Engineers Austria შეასრულებს. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, ამჟამად დოკუმენტების დაზუსტება მიმდინარეობს.
დიდი ალბათობით, ხელშეკრულება ავსტრიელებთან უახლოებს დღეებში გაფორმდება. ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, ILF Consulting Engineers Austria-მ კვლევა-პროექტირება 15 თვეში უნდა დაასრულოს, რის სანაცვლოდაც 12 მლნ. 762 ათას 530 ლარს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ „სამგორი-ლილო-აეროპორტის“ მიმართულებით, მიწისზედა მეტროს  მშენებლობა თბილისის მერმა, კახა კალაძემ გასული წლის ოქტომბერში დააანონსა. მისი თქმით, მიწისზედა მეტრო პირველ ეტაპზე მეტროსადგურ სამგორს ლილოს ბაზრობასთან და აეროპორტთან დააკავშირებს და მასზე მეტროს 6 შემადგენლობა ორმხრივი მიმართულებით იმოძრავებს. პროექტში, ჯამში, 90 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება (30 მილიონი მეტროს ვაგონების ღირებულება, ხოლო დანარჩენი ინფრასტრუქტურული ნაწილი). პირველ ეტაპზე მოცდის შუალედი, დაახლოებით, 10 წუთი იქნება.
წინასწარი პროგნოზით, მიწისზედა მეტრო ყოველდღიურად 200 ათასს მგზავრს მოემსახურება. პროექტის რეალიზაცია 2019 წლის ბოლოს დაიწყება და  მიწისზედა მეტრო ექსპლუატაციაში 2020-2022 წლებში ეტაპობრივად შევა.

კომენტარი